05 მაისი 2024,   01:01
ვრცლად
წამლების შემდეგ, საწვავი და სურსათი - ფასების დაწევის მიზნით საქართველოში ახალი კანონის მიღება იგეგმება

ზეთი, შაქარი, მარილი, სხვადასხვა სახეობის ბურღულეული - მოქალაქეები პირველადი მოხმარების პროდუქტების მაღალ ფასებზე საუბრობენ. "კურიერის" რესპონდენტების დიდი ნაწილი ამბობს, რომ სურსათის ღირებულება რეალურ სურათს არ ასახავს.

სურსათზე 70 და ზოგ შემთხვევაში 100 პროცენტიანი ფასნამატი დაუშვებელი და მიუღებელია პრემიერ-მინისტრისთვის. მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა რომ არაგონივრული ღირებულების შემცირება აუცილებელია, ამისთვის კი ეკონომიკის სამინისტრო მოამზადებს კანონპროექტს, ევროდირექტივას სამართლიანი ვაჭრობის შესახებ. პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ პარლამენტი მხარს დაუჭერს პროექტს და რეგულაციები საქართველოშიც დაწესდება.

ორ კვირიანი მუშაობის პროცესში სამინისტროებთან ერთად, ჩართული იყო კონკურენციის სააგენტო. უწყებაში ამბობენ რომ მათი მხრიდან შესწავლილია კონკრეტული პროდუქტების ჩამონათვალი. სააგენტოს ხელმძღვანელის განმარტებით ფასების შესწავლა განხორციელდა იმპორტის თვითღირებულებიდან, საცალო ვაჭრობის ქსელში მიწოდებამდე და ფასნამატის გათვალისწინებით.

დღეს პრემიერ-მინისტრმა თქვა ისიც, რომ პროდუქტის ფასი პირდაპირ კავშირშია ინფლაციის მაჩვენებლებთან. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით სურსათის გაიაფებით ინფლაციის პროცენტული ნიშნული წლის განმავლობაში 5 პროცენტამდე დაიწევს.
პროდუქტებზე ფასების შემცირების მიმართულებით არსებულ კანონპროექტზე მუშაობის დაწყება დროულად მიაჩნიათ დისტრიბუტორთა ასოციაციაში. მათი ვარაუდით ინიციატივა წლის ბოლომდე ბაზარზე არსებულ ფასებს დაარეგულირებს, რადგან ანალოგიური პრობლემა ევროპაშიც სწორედ ამ გზით მოგვარდა.

ეკონომიკის სამინისტროში, სადაც ახალ კანონპროექტზე უკვე მუშაობენ, ამბობენ რომ მათი სურვილია პროექტი საგაზაფხულო სესიის ფარგლებში იყოს მიღებული. ვიცე-პრემიერის განცხადებით მთავრობამ ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკა შეისწავლა და მიზანი ერთია - პროდუქტებზე ფასები მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გახდეს.

საპარლამენტო უმრავლესობისთვის პრემიერის გადაწყვეტილება საჭირო და დროული იყო. "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ რომ აუცილებელია ბაზარზე ეკონომიკის პრინციპების დაცვით, სამართლიანი ფასები არსებობდეს. გადაწყვეტილება მიუღებელი აღმოჩნდა ოპოზიციის ნაწილისთვის.

პროდუქტებზე ფასების შესწავლის საკითხზე პრემიერ-მინისტრმა სპეციალური სამთავრობო ჯგუფის შექმნის განკარგულება დაახლოებით 2 კვირის წინ გასცა.

დღის ამბები