15 ნოემბერი 2024,   06:48
ვრცლად
"ქართულმა ოცნებამ" პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის შუალედურ არჩევნებსა და მერების შუალედურ არჩევნებში მონაწილე კანდიდატები წარადგინა

საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის შუალედური არჩევნები დანიშნა ფოთის, ხობისა და სენაკის საარჩევნო ოლქში, ასევე მერების შუალედური არჩევნები ცაგერისა და თერჯოლის მუნიციპალიტეტებში. ამის შესახებ განცხადება უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისივე თქმით, ცესკოს გადაწყვეტილებით, არჩევნები 29 აპრილს გაიმართება. 

"როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დანიშნა პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის შუალედური არჩევნები ფოთის, ხობისა და სენაკის საარჩევნო ოლქში და მერების შუალედური არჩევნები ცაგერისა და თერჯოლის მუნიციპალიტეტებში. ცესკოს გადაწყვეტილებით, არჩევნები 29 აპრილს გაიმართება.

დღეს ჩატარდა პარტიის პოლიტიკური საბჭოს სხდომა, რომელზეც მიღებულ იქნა გადაწყვეტილება აღნიშნულ საარჩევნო ოლქებში კანდიდატების დასახელების შესახებ.

პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, ფოთის, სენაკისა და ხობის საარჩევნო ოლქში პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატად პარტია წარადგენს გიორგი ხახუბიას კანდიდატურას. 
პირველ რიგში, აუცილებლად გვინდა აღვნიშნოთ, რომ გიორგი არის ჩვენი კოლეგის, ირაკლი ხახუბიას შვილი. ბუნებრივია, ირაკლის სახელი და მის მიერ ფოთში, ხობსა და სენაკში შექმნილი ავტორიტეტი დაეხმარება გიორგის არჩევნებში გამარჯვებაში. 

თუმცა, ამასთან ერთად, გიორგი თავადაც გამოირჩევა პიროვნული თვისებებით, განათლებითა და პროფესიული გამოცდილებით, რომელთა გამოც პარტიის პოლიტიკურმა საბჭომ ის უპირობოდ საუკეთესო კანდიდატად მიიჩნია.

გიორგის მიღებული აქვს განათლება კავკასიის უნივერსიტეტში, ბიზნესის ადმინისტრირების სპეციალობით. ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, მას აქვს მდიდარი სამუშაო გამოცდილება. სხვადასხვა დროს ის იყო საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი, საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ფინანსური დეპარტამენტის უფროსი და მოგვიანებით ამავე კომპანიის გენერალური დირექტორის მოადგილე. გარდა ამისა, გიორგი წლების მანძილზე წარმატებით ეწეოდა კერძო სამეწარმეო საქმიანობას. 

გასულ წლებში, გიორგი ფოთში, ხობსა და სენაკში აქტიურად იყო ჩართული „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბებისა და პარტიული ორგანიზაციების მუშაობაში.
წარმატებებს ვუსურვებთ გიორგი ხახუბიას. დარწმუნებული ვართ მის გამარჯვებაში.

პარტიის პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილებით, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერად წარმოგიდგენთ ლევან ზალკალიანის კანდიდატურას. 
ლევანი არის წარმატებული იურისტი და საჯარო მოსამსახურე. მას იურიდიული განათლება მიღებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. სხვადასხვა დროს ლევანი მუშაობდა პროკურატურის სისტემაში გამომძიებლად და პროკურორად, მათ შორის 11 წლის მანძილზე - ამბროლაურის რაიონულ პროკურორად. ლევანს მინიჭებული აქვს იუსტიციის უფროსი მრჩევლის წოდება. 

დღემდე ლევან ზალკალიანი იკავებდა რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილის თანამდებობას. წარმატებებს ვუსურვებთ ლევან ზალკალიანს.

პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერად წარმოგიდგენთ მანუჩარ რობაქიძის კანდიდატურას. მანუჩარი არის სპეციალობით ისტორიკოსი. მას დამთავრებული აქვს იოანე პეტრიწის სახელობის უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი.
სხვადასხვა დროს, ის იყო მუნიციპალური საკრებულოს წევრი, კერძო კომპანიებში - "ზესტაფონ გაზსა“ და

"სოკარში“ მუშაობდა სხვადასხვა ხელმძღვანელ თანამდებობაზე, იყო თერჯოლის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული და შესყიდვების სამსახურის უფროსი და ეკავა თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის თანამდებობა.

2021 წელს მანუჩარ რობაქიძე დაინიშნა თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის პირველ მოადგილედ, ხოლო 2022 წლიდან ის ასრულებს თერჯოლის მერის მოვალეობას. მანუჩარს ვუსურვებთ წარმატებებს და თერჯოლის მერად არჩევას.

წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს სამივე კანდიდატს. დარწმუნებული ვართ, რომ ისინი მოიპოვებენ ამომრჩევლის ნდობას და აუცილებლად გაიმარჯვებენ არჩევნებში." - აცხადებს ირაკლი კობახიძე. 

დღის ამბები