28 აპრილი 2024,   22:35
ვრცლად
ზედმეტი თანხა ქველმოქმედებაში და ზრუნვა ჯერ არდაბადებულ შთამომავლებზე -  რა არგუმენტით ზღუდავს "კრედიტ სუისი" ბიძინა ივანიშვილისთვის კუთვნილ 2 მილიარდზე წვდომას

"ემ ქეი დის" უფროსი პარტნიორი კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ ბიძინა ივანიშვილისა და "კრედიტ სუისის" საქმე ყოველგვარ სამართლებრივ ჩარჩოს გაცდა. ვიქტორ ყიფიანის თქმით, შვეიცარიული ბანკის ტრასტების მხრიდან თანხებზე წვდომის შეზღუდვა აუხსნელი მიზეზებით ხდება. ზედმეტი დანახარჯი ქველმოქმედებაში და ზრუნვა ბიძინა ივანიშვილის შთამომავლების ფინანსებზე - ეს ის საკითხებია, რომელსაც, ადვოკატის თქმით, ახლა ბანკი თანხების შეფერხების წინაპირობად ასახელებს. ყიფიანი დარწმუნებულია, რომ საფინანსო ინსტიტუტი უკვე დიდი ხანია პრემიერ-მინისტრზე შანტაჟის იარაღად არის ქცეული.

შვეიცარიული ბანკის მენეჯმენტის მხრიდან დაშვებულ შეცდომებზე დღეს "ემ ქეი დიმ" ის სტატიაც გამოაქვეყნა, რომელიც ცოტა ხნის წინ დასავლურ მედიაში დაიბლოკა. სტატიაში დეტალურად არის ახსნილი ის სამართლებრივი ლაფსუსები, რომელსაც ბანკი ბერმუდასა და სინგაპურში მიმდინარე პროცესების პარალელურად უშვებს.

არაპირდაპირი სანქცია, რომელიც მიზნად ქვეყანაში მეორე ფრონტის გახსნას ისახავს - ასე აფასებენ მმართველი გუნდის ლიდერები, შვეიცარიული საფინანსო ინსტიტუტის ქმედებას. პოლიტიკოსების აზრით, ზეწოლის მექანიზმები უკვე აბსურდული სამართლებრივ ჩარჩოებსაც გასცდა და კომიკური სახე მიიღო.

ბიძინა ივანიშვილისა და "კრედიტ სუისის" დავაში პოლიტიკურ მდგენელს ვერ ხედავენ ოპოზიციაში. მათი აზრით, საქმე მხოლოდ კომერციულ ინტერესებს ეხება.

ცენზურა დასავლურ მედიაში და კუთვნილი თანხაზე წვდომის შეფერხება ის ფაქტებია, რომელიც ევროპული ინსტიტუციების შესწავლის საგანი უნდა გახდეს - ასეთია საპარლამენტო უმრავლესობის პოზიცია. კანონმდებლები შვეიცარიული ბანკის მენეჯმენტის უკან, გარკვეული ჯგუფების სუბიექტურ ინტერესებს ხედავენ. მათი აზრით, პროცესი კლიენტის გარდა, მსოფლიო ფლაგმან საბანკო სისტემასაც აზიანებს.

ბიძინა ივანიშვილი უკვე წლებია შვეიცარიულ "კრედიტ სუისთან" სასამართლოში დავობს. საფინანსო ინსტიტუტის ტრასტები, საქართველოს ყოფილ პრემიერს, კუთვნილი 2 მილიარდის ტრანზაქციის საშუალებას გაურკვეველი მიზეზებით არ ძლევენ.

დღის ამბები