15 ნოემბერი 2024,   03:19
ვრცლად
ზაპოროჟიეში სახლის აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა - ფაქტს კიევმა ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭა

ზაპოროჟიეში სახლის აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა. რუსული არმიის სარაკეტო იერიშს 5 ადამიანი ემსხვერპლა, 20 მძიმედ დაშავდა. საცხოვრებელი კორპუსის სიახლოვეს არც სამხედრო ობიექტი და არც კრიტიკული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურაა. ფაქტს ოფიციალურმა კიევმა ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭა.

გასული 24 საათის განმავლობაში საოკუპაციო ძალამ უკრაინის სამშვიდობო ობიექტების მისამართით ცეცხლი 177-ჯერ გახსნა. ნიკოპოლში დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები და კომერციული ობიექტები. 4 მოქალაქე დაიღუპა ხარკოვის ოლქში ტანკსაწინაღმდეგო ნაღმის აფეთქების შედეგად.

მსხვერპლი იზრდება ბახმუტში, უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის თქმით, ქალაქში აგრესორი უკრაინელებზე 7-ჯერ მეტ ცოცხალ ძალას კარგავს. თუმცა წინსვლას ამ ეტაპზე ვერც ერთი ახერხებს. კიევში აღიარებენ, რომ ბახმუტიდან გასვლა განიხილება, მაგრამ მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში.

უკვე მეორე დღეა კრემლი, რუსეთის ბრიანსკის ოლქში უკრაინული დივერსიული ჯგუფის მიერ მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობაზე საუბრობს. საგანგებოდ დამონტაჟებულ ვიდეო -მასალას ავრცელებს ფედერალური უსაფრთხოების სამსახური. რუსეთის ტერიტორიაზე შეღწევას და ცეცხლის გახსნას უარყოფს ოფიციალური კიევი. უკრაინასთან კავშირს არ ადასტურებენ თავად დივერსიული ჯგუფის წევრები.

პუტინი მომხდარს ტერაქტს უწოდებს და უმკაცრესი პასუხით იმუქრება. მუქარის არ ეშინია ოფიციალურ კიევს. უკრაინის პრეზიდენტის აპარატში არ გამორიცხავენ, რომ უახლოეს დღეებში რუსეთის ტერიტორიაზე კიდევ არაერთი ადგილობრივი დივერსიული ჯგუფი გამოჩნდეს.

მანამდე კი რუსული არმია ყირიმში დამატებით ძალების მობილიზაციას ახდენს. პარალელურად, 200 კილომეტრის სიგრძეზე მიმდინარეობს სანგრების და თავდაცვითი ნაგებებობის მოწყობა. ოკუპანტი უკრაინელი სამხედროების იერიშის მოლოდინშია.

დღის ამბები