22 აგვისტო 2026,   09:57
ვრცლად
ჯეი დი ვენსმა განაცხადა, რომ ირანზე ეკონომიკური ზეწოლა შეერთებული შტატების "ყველაზე ეფექტური" ინსტრუმენტია

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა განაცხადა, რომ ირანზე ეკონომიკური ზეწოლა შეერთებული შტატების "ყველაზე ეფექტური" ინსტრუმენტია. 

"ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტი, რომელიც ჩვენ გვაქვს, არის ეკონომიკური ზეწოლა, რომლის განხორციელებაც მათზე შეგვიძლია. ეს დელიკატური თამაშია, რადგან როცა მათზე ეკონომიკურ ზეწოლას ვახორციელებთ, ისინი შეეცდებიან, ეკონომიკური ზეწოლა ჩვენზეც მოახდინონ." - განაცხადა ვენსმა

მისი თქმით, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ირანმა აშშ-სთან შედარებით, გაცილებით მეტი ეკონომიკური ზეწოლა იგრძნო.

ვენსმა აღიარა, რომ "ნავთობის ფასები, ცხადია, გაზრდილია და ამას ადამიანები ბენზინგასამართ სადგურებზე ხედავენ", თუმცა ხაზი გაუსვა ადმინისტრაციის შესაძლებლობას, უზრუნველყოს გემების გატარება ჰორმუზის სრუტეში. 

მისივე თქმით, ამავდროულად, ირანს კომერციულ გემებზე თავდასხმის გამო სანქციები და სხვა ეკონომიკური ზომები ეკისრება, რაც თეირანზე ზეწოლას ზრდის და გავლენას ახდენს იმაზე, თუ რა ტიპის შეთანხმებაზე შეიძლება წავიდეს ირანი.

ვენსის განცხადებით, სწორედ ასეთი ზეწოლაა საუკეთესო გზა საბოლოო მიზნის მისაღწევად - ირანმა ბირთვული შესაძლებლობების აღდგენა ვერ შეძლოს.

"ჩვენ ვცდილობთ, ადგილზე ისეთი შეცვლილი რეალობა შევქმნათ, რომ მხოლოდ ის კი არ შეგვეძლოს დარწმუნებით ვთქვათ, რომ მათი ობიექტები განადგურებულია, არამედ ისიც, რომ დარწმუნებით ვიცოდეთ, ისინი აღარასდროს შეეცდებიან მათ აღდგენას. სწორედ ამ ეტაპზე ვიმყოფებით ახლა,"- განაცხადა მან.

დღის ამბები