15 ნოემბერი 2024,   02:54
ვრცლად
კანონპროექტები, რომელმაც ბოლო დროის ყველაზე დიდი დაპირისპირება და პროტესტი გამოიწვია - ბრალდებების, სიტყვიერი შეურაცხყოფის და 10 საათიანი განხილვის შემდეგ პროექტს იურიდიულმა კომიტეტმა მხარი დაუჭირა

კანონპროექტებს, რომელმაც ბოლო დროის ყველაზე დიდი დაპირისპირება და პროტესტი გამოიწვია, იურიდიული კომიტეტის ვიზაც აქვს.

ისევ იყო შეურაცხმყოფელი განცხადებები, სამშობლოს ღალატის ბრალდება და დეპუტატების სხდომიდან გაძევება. განიხილება ორი პროექტი, ორივე "ხალხის ძალის" ინიცირებული - "უცხოელი აგენტების რეგისტრაცია" და "უცხოური გავლენის გამჭვირვალობა". სათაური, სადაც "აგენტები" ფიგურირებს ამერიკულია, ხოლო, სადაც სიტყვები "უცხოური გავლენა" - ქართული ვერსია, ოპოზიციისთვის კი ორივე რუსული.

კანონის მოწინააღმდეგეები არ აპირებენ პროექტის მუხლობრივ განხილაში შესვლას, რადგან თვლიან, რომ ორივე საქართველოს ევროპულ პერსპექტივას აზიანებს. უმრავლესობა კი ირწმუნება, რომ სწორედ ევროპული დემოკრატია ითვლაისწინებს მეტ გამჭვირვალობას.

იურიდიული კომიტეტის დაწყებიდანვე ცხადი გახდა, რომ სხდომა ხმაურის გარეშე არ ჩაივლიდა. მოლოდინი ამ მიმართულებით გამართლდა და კანონპროექტის ავტორის მოხსენებამდე, კომიტეტის თავმჯდომარესა და ოპოზიციონერ დეპუტატებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა.

სიტყვიერ შელაპარაკებას სხდომათა დარბაზში ფიზიკური დაპირისპირებაც მოყვა. ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც კომიტეტის თავმჯდომარემ მანდატურებს, გიორგი ვაშაძისა და ლევან ხაბეიშვილის ოთახიდან გაყვანა თხოვა.

ვითარება არც ამ ფაქტის შემდეგ დასტაბილურდა, ანრი ოხნაშვილმა კომიტეტი კიდევ რამენიმე ოპოზიციონერ დეპუტატს დაატოვებინა.

დარბაზში დარჩენილები შეეცადნენ სადავო კანონპროექტზე მსჯელობა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაეგრძელებინათ, თუმცა ამაოდ.

რუსული კანონპროექტი - ეს არის საპარლამენტო ოპოზიციის მთავარი არგუმენტი აგენტების ამერიკული კანონის საწინააღმდეგოდ. მოძრაობა "ხალხის ძალა" და "ქართული ოცნება", ოპონენტებს სიცრუის მიზანმიმართულად გავრცელებაში ადანაშაულებს. ურთიერთბრალდებები დღევანდელ სხდომაზე ბევრჯერ გახდა სიტყვიერი დაპირისპირების მიზეზი.

კანონპროექტის მოწინააღმდეგეებმა საერთაშორისო საზოგადოების კრიტიკაზეც გაამახვილეს ყურადღება, თუმცა საქმიანი განხილვის ნაცვლად, ეს საკითხიც, დეპუტატებს შორის ხმაურის მიზეზი გახდა.

კანონპროექტის ავტორმა მზადყოფნა გამოთქვა, პროექტში ცვლილებები შევიდეს. თუმცა შემაჯამებელ სიტყვაში გურამ მაჭარაშვილმა თქვა, რომ ხანგრძლივი საკომიტეტო მოსმენის მიუხედევად, ერთი გამონაკლისის გარდა, საქმიანი წინადადება არ მოუსმენია.

პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენის შემდეგ, მოძრაობა "ხალხის ძალის" მიერ ინიცირებული კანონპროეტები ვენეციის კომისიაში გაიგზავნება.

დღის ამბები