10 მაისი 2024,   09:17
ვრცლად
უკრაინის სამოქალაქო და კრიტიკული ინფრასტრუქტურა მასშტაბური იერიშის ქვეშაა - ომის 380-ე დღე

უკრაინის სამოქალაქო და კრიტიკული ინფრასტრუქტურა, მასშტაბური იერიშის ქვეშაა. უკვე მეოთხე დღეა საოკუპაციო ძალა მიზანში ძირითადად სახლებს, კომერციულ ობიექტებს და თბოსადგურებს იღებს. ერთ-ერთი უკანასკნელი იერიში აგრესორმა სუმის ოლქის 3 დასახლებაზე მიიტანა. შედეგად, 20 000-მეტი აბონენტი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. 

უკანასკნელი დღეების განმავლობაში რუსულმა არმიამ ზე-ბგერითი რაკეტები, ე.წ "კინჟალი" გამოიყენა. ეს საკმაოდ ძვირადღირებული შეიარაღებაა, რომელსაც უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემა ვერ ანეიტრალებს. ანალიტიკოსების ვარაუდით, ეს სიგნალია, როგორც კიევისთვის, ისე დასავლეთისთვის, რომ რუსეთი შეჩერებას არ აპირებს. ამის კიდევ ერთ ნათელი მაგალითი ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის სიახლოვეს მომხდარი აფეთქებებია, რამაც სტრატეგიული ობიექტი სრულად გათიშა. 

ფრონტის ხაზზე უკრაინელმა სამხედროებმა აგრესორის 102 შეტევა მოიგერიეს. უკრაინის თავდაცვის უწყების განცხადებით, ყველაზე მძიმე ბრძოლები ავდეევკის, კუპიანსკის, შახტიორსკის და ბახმუტის მიმართულებით გრძელდება. იქ საოკუპაციო ძალა ცდილობს ქალაქს ალყა შემოარტყას. მცდელობა ჯერჯერობით, უშედეგოა, მაგრამ ბახმუტის დატოვებას და ძალების გადაჯგუფებას უკვე აღარც სამხედრო ხელმძღვანელობა გამორიცხავს.

გენშტაბის ინფორმაციით, უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში ლიკვიდირებულია 870 რუსი ჯარისკაცი, ჩამოგდებულია 9 უპილოტო საფრენი აპარატი. განადგურებულია საოკუპაციო ძალის 7 ტანკი, საჰაერო თავდაცვის 2 სისტემა და 3 საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი.

ერთ-ერთ დამცველს დღეს უკრაინა დედაქალაქის ცენტრალურ მოედანზე გამოემშვიდობა. დიმიტრი კოციუბაილო, მეტსახელად "და ვინჩი" ბახმუტში დაიღუპა. 27 წლის მეომარი ოკუპაციას 17 წლიდან ებრძოდა. "და ვინჩი" მოხალისეთა რაზმის პირველი ქვედანაყოფის ყველაზე ახალგაზრდა მეთაური იყო. ბრძოლაში გამოჩენილი მამაცობისთვის ის არაერთი მედლით დააჯილდოვეს, როგორც შეიარაღებული ძალების მეთაურმა, ისე ვოლოდიმირ ზელენსკიმ. სამოქალაქო პანაშვიდს დღეს ფინეთის პრემიერ მინისტრი დაესწრო.

დღის ამბები