16 ნოემბერი 2024,   10:22
ვრცლად
ბოთლები, ქვები, რკინის ნაჭრები, პოლიციელებზე თავდასხმა, ნივთებისა და შენობების დაზიანება - პოლიციამ აქციების მიმდინარეობისას 6 პირი დააკავა

ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც სამართალდამცველს, სავარაუდოდ, ბლაგვ საგანს ესვრის, იდენტიფიცირებული და დაკავებულია. კადრები, 16 აპრილს, 9 აპრილის ქუჩაზეა გადაღებული. მასალაში ჩანს პოლიციელი, რომელიც მიღებული ტრავმის გამო შემთხვევის ადგილიდან გადის. ოფიციალური ინფორმაციით, დაშავებული განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელია და მას, დაზიანების გამო, ქირურგიული ჩარევა დასჭრიდა.

აქციის დაშლისას, ოფიციალური ინფორმაციით, დაშავდა 7 სამართალდამცველი. მათ შორის, მძიმე დაზიანება მიიღო ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თანამშრომელმა, რომელსაც ნასროლმა საგანმა თვალი დაუზიანა. მას პირველადი დახმარება ჩიტაძის ქუჩაზე, სასწრაფოს ექიმებმა აღმოუჩინეს, თუმცა საავადმყოფოში გადაყვანა დასჭირდა.

გამოძიების ვერსიით, დემონსტრანტების მერ ნასროლი საგანი პარლამენტის შიდა ეზოში მდგარ მეხანძრე მაშველს მოხვდა. უწყების ინფორმაციით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომელი მაშინ დაშავდა, როდესაც დემონსტრანტების ნაწილი ადმინისტრაციულ შენობაში შეჭრას ცდილობდა.

გამოძიების ინფორმაციით, დემონსტრანტები პოლიციელების წინააღმდეგ ბოთლებს, ქვებს, რკინის კონსტრუქციებსა და მხუთავ ნივთიერებებს იყენებდნენ. მათივე ცნობით, ექვსივე დაკავებულის მიმართ კონკრეტული მტკიცებულებები არსებობს, მათ შორის, კამერების ჩანაწერები და მედიაში საჯაროდ გავრცელებული მასალა.

ოფიციალური ვერსიით, დაკავებულები არიან ის პირებიც, ვინც, 1-2 მაისს, რუსთაველზე დამონტაჟებული სამეთვალყურეო კამერები დააზიანეს. სხვისი ნივთის დაზიანებისა და პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, დაკავებულებს ბრალი უკვე წარედგინათ. ნაწილი დანაშაულს არ აღიარებს, ნაწილი კი დუმილის უფლებას იყენებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მოპოვებული მტკიცებულებები ადასტურებს, რომ ბრალდებულებმა ადმინისტრაციული შენობები, ქუჩის ინფრასტრუქტურა და უწყების კუთვნილი ავტომობილები დააზიანეს. ცდილობდნენ საკანონმდებლო ორგანოში შეჭრასაც.

დაკავებულთა რაოდენობა, სავარაუდოდ, გაიზრდება. საპროტესტო აქციებზე გამოვლენილ შესაძლო კანონდარღვევებზე გამოძიება ცენტრალურმა კრიმინალურმა დეპარტამენტმაც დაიწყო. ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის, მონაწილეობის, სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის ფაქტებზე გამოკითხვები უკვე დაწყებულია. სამართალდამცველები საგამოძიებო უწყებაში ორგანიზატორებს და პოლიტიკურ ლიდერებსაც დაიბარებენ.

საპროტესტო აქციებზე მომხდარ ყველა კანონდარღვევას სამართალდამცველების მხრიდან შესაბამისი რეაგირება მოჰყვება - ეს განცხადება ჟურნალისტებთან დღეს შინაგან საქმეთა მინისტრმა გააკეთა. ვახტანგ გომელაურის განცხადებით, პოლიცია, ამ დრომდე, სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერებს სწავლობს.

"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის მოწინააღმდეგეებს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს კიდევ ერთხელ მიმართა. უწყება პროტესტის მონაწილეებს აქციების მშვიდობიანად ჩატარებისკენ მოუწოდებს.

დღის ამბები