მმართველი გუნდი მიხეილ სააკაშვილის Facebook-სტატუსს ეხმაურება. საუბარია პატიმარი ექსპრეზიდენტის მოწოდებაზე, რომელიც დღეს გამოქვეყნდა. სააკაშვილი აქციის მონაწილეებს მხარდაჭერას უცხადებს და, საბოლოო მიზნის მისაღწევად, საკუთარ გეგმასაც ასაჯაროებს. ვივამედის 501-ე პალატიდან ვარდების რევოლუციის შემოქმედი მოქალაქეებს არჩევნებამდე ტექნიკური მთავრობის შექმნას ურჩევს და ბრძოლის მაგალითად "მაიდნის" მოვლენები მოჰყავს.
თბილისში მიმდინარე აქციებს ვრცელი პოსტი მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში დღეს მიუძღვნა. პატიმარმა ექსპრეზიდენტმა იანუკოვიჩი და "მაიდანიც" გაიხსენა. თქვა, რომ საზოგადოებას არჩევნების იმედი არ უნდა ჰქონდეს, რადგან გრძელვადიან პერსპექტივაში ეს ოპოზიციისთვის წაგებულ თამაშში შესვლაა.
სააკაშვილის Facebook-მოწოდებამ დღეს დაბნეულობა მის თანაპარტიელებსა და პოლიტიკურ პარტნიორებშიც გამოიწვია. "ნაცმოძრაობაში" არ დააკონკრეტეს, როგორ შეიძლება რევოლუციის გარეშე არჩევნები გარდამავალმა მთავრობამ ჩაატაროს. უფრო ზოგადი იყო "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი.
მიხეილ სააკაშვილის მოწოდებას არ იზიარებენ სხვა ოპოზიციურ პარტიებში. პოლიტიკოსების თქმით, დღეს ყველა დემონსტრანტის მიზანი ხელისუფლების ცვლილებაა, თუმცა ამის შესაძლებლობა მოქალაქეებს ოქტომბრის არჩევნებზე ექნებათ.
ოპოზიციას რომ არჩევნების გზით ხელისუფლებაში მოსვლის შანსი არ აქვს, ამიტომ ძალადობრივ რევოლუციურ სცენარზე მუშაობს - ასე შეაფასეს ექსპრეზიდენტის მოწოდება საპარლამენტო უმრავლესობაში. კანონმდებლებმა დღეს სააკაშვილის წარსულიც გაიხსენეს და თქვეს, რომ მისი მიზანი მხოლოდ პროცესების მეიდანიზაციაა.
გამჭვირვალობის კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები თბილისში რამდენიმე კვირაა იმართება. კანონპროექტი პარლამენტმა, მეორე მოსმენით, უკვე მიიღო.