18 მაისი 2024,   19:44
ვრცლად
რუსულმა გამანადგურებლებმა ამერიკული უპილოტო სადაზვერვო დრონი ჩამოაგდეს - სახელმწიფო დეპარტამენტში რუსეთის ელჩი გამოიძახეს და გააფრთხილეს, რომ მსგავსი აღარასოდეს განმეორდეს

შეჯახება შავი ზღვის თავზე, რუსულმა გამანადგურებლებმა ამერიკული უპილოტო სადაზვერვო დრონი ჩამოაგდეს, რომელიც ნეიტრალურ საჰაერო სივრცეში დაფრინავდა. 14 მარტის დილის 7 საათი და 3 წუთი, რუსულმა სუ-27 ტიპის გამანადგურებელმა ამერიკული MQ-9-ს ირგვლივ მანევრირება და საწვავის გადმოღვრა დაიწყო, რათა აპარატზე დამონტაჟებული მაღალი მგრძნობელობის კამერები დაეზიანებინა. მოგვიანებით ამერიკული დრონის ჩამოსაგდებად სავარაუდოდ ანექსირებული ყირიმიდან კიდევ ერთი "სუ-27" აფრინდა. საბოლოო ჯამში რუსულმა თვითმფრინავებმა თანამედროვე ამერიკული საფრენი აპარატის ჩამოგდება შეძლეს, თუმცა სანამ MQ-9 ზღვაში ჩავარდებოდა, ამერიკულმა სარდლობამ დრონის თვითლიკვიდაციის მექანიზმი ჩართო.

ამერიკული მზვერავი დრონი MQ-9 საერთაშორისო საჰაერო სივრცეში იმყოფებოდა. რუსები კი ამბობენ, რომ დრონი შენიშნეს ყირიმის ნახევარკუნძულთან, რომელიც მოსკოვს 2014 წლიდან აქვს ანექსირებული. რაც ვიცით, არის ის, რომ რუსულმა ავიაციამ სახიფათო მანევრები ჩაატარა, მიზანმიმართულად დააზიანა დრონის პროპელერი და ამერიკელები იძულებულები გახდნენ, უპილოტო საფრენი აპარატი შავ ზღვაში ჩაეძირათ. ნაწილების მოძიების კონკრეტულ ქმედებებს ჯერჯერობით ვერ ვხედავთ. ვაშინგტონი განმარტავს, რომ "არასწორ ხელში" მისი საკუთრება არ უნდა ჩავარდეს, თუმცა იმასაც უსვამს ხაზს, რომ სადაც დრონი ჩავარდა, იქ წყალი ძალიან ღრმაა და შესაძლოა მოძიება არ მოხდეს.

ახლა რუსი სამხედროები ამერიკული დრონის ნამსხვრევებს შავ ზღვაში ეძებენ, ოფიციალური ვაშინგტონი კი რუსეთის ელჩს მკაცრ გაფრთხილებას აძლევს. შტატები ამბობს, რომ უპილოტო საფრენ აპარატს რუსეთის საჰაერო სივრცე არ გადაუკვეთია და ის ჩვეულებრივ ოპერაციაზე იმყოფებოდა. ამერიკელი სამხედროები ამბობენ რომ რუსი პილოტები არაპროფესიონალურად მოქმედებდნენ და დიდი ალბათობით მათმა ერთმა გამანადგურებელმაც დაზიანება მიიღო. მომხდარის სურათი ნათელი მას შემდეგ გახდება რაც პენტაგონი ინციდენტის ამსახველ კადრებს გაასაჯაროებს, რომელსაც ამერიკელი სამხედროები MQ-9-დან ლაივ რეჟიმში იღებდნენ.

"რუსი პილოტების ქმედების მიხედვით, ნათელია, რომ იყო ის სახიფათო და არაპროფესიონალური და მათი საქციელი ამ ყველაფერზე მეტყველებს. გამანადგურებელმა თვითმფრინავმა დრონის წინ საწვავის დაღვრა დაიწყო და შემდეგ ისე მიუახლოვდა, რომ MQ-9-ს პროპელერი დაუზიანა. ჩვენი შეფასებით, ამან ზიანი მიაყენა რუსულ თვითმფრინავსაც", - განაცხადა აშშ-ს საჰაერო ძალების ბრიგადის გენერალმა ფეთ რაიდერმა.

შეერთებულ შტატებს შეუძლია ზარალის შემცირება და დრონიდან ყველა მონაცემის დისტანციურად წაშლა. აპარატის ამოღება უფრო რთულია. პირველი, სიღრმის გამო და მეორეც, ბოსფორის სრუტე, არა შავი ზღვის პორტების სამხედრო ხომალდებისთვის, თურქებს ჩაკეტილი აქვთ. შავი ზღვა განსაკუთრებული რეგიონია. მართალია, მას რუსები საკუთარი გავლენის სფეროდ მიიჩნევენ, თუმცა შავი ზღვის 6 სახელმწიფოდან 3 ნატოს წევრია, შავი ზღვის უსაფრთხოება ალიანსის პრიორიტეტია და სულ რომ ასე არ იყოს, ამერიკული დრონი საერთაშორისო საჰაერო სივრცეში იმყოფებოდა. უბრალოდ, რუსები ცდილობენ ამერიკელებს უკან დაახევინონ ამ რეგიონში, უკრაინის დახმარების თვალსაზრისით.

"როგორც ჩანს, რუსი პილოტი მოძრაობდა MQ-9 დრონის გარშემო და განზრახ ცდილობდა შავი ზღვის თავზე მის განადგურებას. ეს პროვოკაციაა. სავარაუდოდ, გარკვეული ტესტია. რუსეთს, რა თქმა უნდა, არ მოსწონს ის ფაქტი, რომ ჩვენ იქ, საერთაშორისო წყლების თავზე ფრენებს ვახორციელებთ. სამწუხაროდ, რუსები ფიქრობენ, რომ შავი ზღვა მათი საკუთარი ტბაა", - განაცხადა სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის ხელმძღვანელმა ტომ კარაკომ.

სახელმწიფო დეპარტამენტში რუსეთის ელჩი გამოიძახეს. გააფრთხილეს, რომ მსგავსი აღარასოდეს განმეორდეს და განუმარტეს, რომ ამერიკელები შავი ზღვის თავზე ფრენებს გააგრძელებენ. რუსი დიპლომატი ცდილობდა დაერწმუნებინა ვაშინგტონი, რომ პილოტები პროფესიონალურად მოქმედებდნენ და დრონთან შეხება არ ჰქონიათ. ელჩმა თქვა, რომ უმჯობესია ის სახელმწიფო დეპარტამენტში, ორი ქვეყნის ურთიერთობაში პრობლემებზე სასაუბროდ დაიბარონ.

დღის ამბები