15 ნოემბერი 2024,   03:11
ვრცლად
საქართველოს პრემიერ-მინისტრი სერბეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის სპიკერს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სერბეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის სპიკერს ვლადიმირ ორლიჩს შეხვდა. 

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და სერბეთს შორის არსებული ურთიერთობების მზარდ დინამიკაზე. აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია კიდევ უფრო გაღრმავდეს ორ ქვეყანას შორის არსებული ეკონომიკური კავშირები. აქვე, დადებითად შეფასდა  ვაჭრობის მზარდი მოცულობა. 

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ საქართველოსა და სერბეთს საერთო მისწრაფება აერთიანებთ და ეს  ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრობაა. ხაზი გაესვა აგრეთვე, რომ ამ მიმართულებით ორი ქვეყანა ეფექტიანად თანამშრომლობს როგორც ორმხრივ, ისე რეგიონალურ ფორმატში. 

ირაკლი ღარიბაშვილმა ვლადიმირ ორლიჩს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი სერბეთის ურყევი მხარდაჭერისთვის და დაუდასტურა საქართველოს მკაფიო პოზიცია სერბეთის ტერიტორიული მთლიანობის საკითხზე. 

შეხვედრას სერბეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ტატიანა პანაიოტოვიჩი-ცვეტკოვიჩი, ეროვნული ასამბლეის ვიცე-სპიკერი/ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ელვირა კოვაჩი, სერბეთ-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი დუბრავკა ფილიპოვსკი, საქართველოს მხრიდან კი,  საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე ესწრებოდნენ.

დღის ამბები