15 ნოემბერი 2024,   02:57
ვრცლად
გიორგი მარგველაშვილი არის მნიშვნელოვანი ფიგურა და ერთობა არის ის ფორმულა, რომლითაც უნდა განვახორციელოთ წნეხი და უნდა გავუშვათ ეს ხელისუფლება - ელენე ხოშტარია

დილიდან გიორგი მარგველაშვილის განცხადებები პოლიტიკური შეფასებების თემაა - "როგორც ვანო მერაბიშვილთან არ დავჯდები სასაუბროდ, ასევე არ დავჯდები გახარიასთან" - აცხადებს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი.

გიორგი მარგველაშვილმა ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში ოპოზიციური პარტიების გაერთიანების რესურსი შეაფასა და აღნიშნა, რომ ის წინა წლებშიც ცდილობდა ოპოზიციის გაერთიანებას, თუმცა დეტალები ხელს უშლიდა.

კითხვაზე, ვისთან ერთად მოიაზრებს ოპოზიციურ ერთობას, მარგველაშვილმა განაცხადა, რომ "ყველაზე მეტად, ვაშაძე-ხოშტარია-ჯაფარიძესთან და "ლელოსთან".

შეფასება უკვე გააკეთეს "ლელოს" და "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრებმა, პარტიებში თანამშრომლობას არ გამორიცხავენ.

"მივესალმები მარგველაშვილის განცხადებებს. მასთან ჩვენ გვქონია ბევრი საუბარი, ჩვენ სამსაც ერთად და სხვებთან ერთადაც გვქონია შეხვედრები, სხვადასხვა ფორმატები, სადაც ჩვენ ვმსჯელობთ სად არის გამოსავალი. გამოსავალი ნამდვილად არის ერთიანობაში, კონსოლიდაციაში, პროტესტში და იმ ფორმულაში, რაც ჩვენ დავინახეთ რამდენიმე დღის წინ," - განაცხადა პარტია "სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ.

პარტიის "დროა" თავმჯდომარე ელენე ხოშტარია ამბობს, რომ კონსულტაციებს როგორც ყოფილ პრეზიდენტთან გიორგი მარგველაშვილთან, ასევე ყველა დანარჩენებთან განაგრძობენ, ვისაც ქვეყნის პროდასავლური მომავალი აღელვებს.

"გვაქვს კომუნიკაცია როგორც გიორგი მარგველაშვილთან, ასევე თქვენ იცით, რომ ჩვენ თვეების განმავლობაში ძალიან ბევრს ვმუშაობთ იმისთვის, რომ შედგეს დიდი კონსოლიდირებული ერთობა, ერთობა როგორც პარტიების, ასევე საზოგადოებრივი ჯგუფების. გიორგი მარგველაშვილი არის მნიშვნელოვანი ფიგურა ამ თვალსაზრისით და დიახ, ერთობა არის ის ფორმულა, რომლითაც ჩვენ უნდა განვახორციელოთ წნეხი და უნდა გავუშვათ ეს ხელისუფლება. ამიტომ, ჩვენ ამ კონსულტაციებს გავაგრძელებთ გიორგისთანაც და სხვებთან ყველასთან, ვისაც აღელვებს დღეს პროდასავლური მომავალი," - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" წევრს ანა ნაცვლიშვილს მნიშვნელოვნად მიაჩნია, ნებისმიერი გეგმა ოპოზიციურ ფლანგზე პირველ რიგში განხილული უნდა იყოს ოპოზიციის შიგნით.

"თანამშრომლობაზე რაიმე კონკრეტულს ამ ეტაპზე ვერ გეტყვით. ცხადია, რომ ადამიანები თუ პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც დასავლეთის ორბიტაზე ვართ და საქართველოს მომავალს ვხედავთ ევროპაში, ასეთ ადამიანებს შორის კოორდინაციას ჩვენ ყოველთვის ვემხრობით.

თუმცა, რაზე მინდა კიდევ გავამახვილო ყურადღება, რომ ძალიან მნიშვნელოვნად მიმაჩნია ნებისმიერი გეგმა ოპოზიციურ ფლანგზე იყოს განხილული პირველ რიგში ოპოზიციის შიგნით," - აცხადებს ანა ნაცვლიშვილი.

დღის ამბები