10 მაისი 2024,   10:34
ვრცლად
საფრანგეთის დედაქალაქი ცეცხლის ალშია გახვეული - მოსახლეობა მაკრონის საპენსიო რეფორმას აპროტესტებს და უკვე მეორე კვირაა, დედაქალაქის ქუჩებში ყველაფერს წვავს

საფრანგეთის დედაქალაქი ცეცხლის ალშია გახვეული - მოსახლეობა მაკრონის საპენსიო რეფორმას აპროტესტებს და უკვე მეორე კვირაა დედაქალაქის ქუჩებში ყველაფერს წვავს, რაც ხელში ხვდება, მათ შორის, ავტომობილებს, სავაჭრო ობიექტებს, საბურავებსა და ნაგვის ურნებს. მოქალაქეების პროტესტს, დასუფთავების სამსახური, მედიკოსები და მასწავლებლებიც შეუერთდნენ. ისინი თვეზე მეტია უკმაყოფილებას გამოხატავს ემანუელ მაკრონის მთავრობის მიერ შემუშავებულ საპენსიო რეფორმაზე, რომლის მიხედვითაც, საპენსიო ასაკი 2 წლით, 62-დან 64 წლამდე იზრდება.

საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატაში მაკრონის მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადებაზე ცხარე დებატები ამ დრომდე გრძელდება . ცენტრისტებმა და ულტრამემარჯვენეებმა კენჭისყრისთვის ორი შუამდგომლობა წარმოადგინეს. იმ შემთხვევაში თუ რომელიმე ინიციატივა 287 დეპუტატის მხარდაჭერას მოიპოვებს, პრეზიდენტს მთავრობის დათხოვნა მოუწევს . კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, შეძლებს თუ არა მწვავე პოლიტიკური პოლარიზაციის გამო, ოპოზიცია საერთო მიზნისთვის გაერთიანებას.

გახდება თუ არა მაკრონის საპენსიო რეფორმა, საფრანგეთის პრეზიდენტისთვის პოლიტიკური დასასრულის მიზეზი, ეს ჯერ კიდევ ბუნდოვანია. ფრანგები გაცილებით მასშტაბური პროტესტისთვის ემზადებიან. დემონსტრაცია კი პროფკავშირებმა ხუთშაბათისთვის დააანონსეს.

დემონსტრაციებმა, ძალადობრივი სახე მას შემდეგ მიიღო, რაც საზოგადოებრივი პროტესტის მიუხედავად, პრეზიდენტმა საპენსიო რეფორმა პარლამენტში კენჭისყრის გვერდის ავლით დაამტკიცა. დემონსტრანტებმა დაწვეს ნაგვის ურნები, მანქანები და საბურავები . უკვე ორი კვირაა დასუფთავების სამსახური გაფიცულია, რის გამოც, დედაქალაქის ქუჩები ნაგვით გაივსო .

დაკავებულია აქციის ასობით მონაწილე. დემონსტრანტების პროტესტი ყოველ ჯერზე პოლიციასთან შეტაკებით სრულდება. სამართალდამცველებმა ბოლო შემთხვევაში აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლმდენი აირი და წყლის ჭავლი გამოიყენეს.

ინიციირებული კანონპროექტით გათვალისწინებული მთავარი ცვლილება საპენსიო ასაკის 62-დან 64 წლამდე გაზრდაა. ეკონომისტების გაანგარიშებით, თუ საფრანგეთის არსებული საპენსიო სისტემა არ შეიცვლება, 2030 წლისთვის საპენსიო ბიუჯეტის წლიური დეფიციტი 14 მილიარდი ევრო იქნება.

 

ავტორი: ანი მურადაშვილი

დღის ამბები