15 ნოემბერი 2024,   03:16
ვრცლად
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა 1650 დოლარით გაიზარდა და 6670 დოლარი შეადგინა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა 1650 დოლარით გაიზარდა და 6670 დოლარი შეადგინა. საქსტატში განმარტავენ, რომ ბოლო ორი წლის ტენდენცია ტრადიციულად პოზიტიური მაჩვენებლებით ხასიათდება რაც ორნიშნა ეკონომიკური ზრდის წინაპირობაა.

დეპარტამენტში ამბობენ , რომ პოზიტიურ დინამიკაზე განსაკუთრებულ ეფექტს ტრანსპორტირების, ტურიზმის, მშენებლობის, ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორები ახდენს.

პოზიტიურ დინამიკას მთავრობის სწორ ეკონომიკურ პოლიტიკას უკავშირებენ აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები. ეკონომიკის სამინისტროში ამბობენ, რომ მთლიანი შიდა პროდუქტის რეკორდული ნიშნული და ორნიშნა ეკონომიკური ზრდის წინაპირობა სტაბილური გარემოა.

მინისტრის მოადგილის განმარტებით, არსებული ეკონომიკური პარამეტრები, პრემიერ-მინისტრის მიერ ინიციირებული ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას შეუწყობს ხელს.

რეალური მშპ-ს 10 პროცენტიან ზრდას, ტურიზმის, მშენებლობის, ტრანსპორტირების და ვაჭრობის სფეროში არსებულ მონაცემებს უკავშირებს ფინანსთა სამინისტრო. უწყებაში განმარტავენ, რომ ქვეყანამ ეკონომიკის აღდგენის კუთხით პანდემიამდელ ნიშნულს გადააჭარბა.

მთლიანი შიდა პროდუქტის, როგორც კვარტალური ისე წლიური ნიშნულის ზრდას - გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე, ქვეყანაში მშვიდობიანი გარემოს შენარჩუნებას უკავშირებენ ეკონომისტები.

ანალიტიკოსები მიჩნევენ, რომ დადებითი ტენდენციის გამყარება , ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობას კიდევ უფრო გაზრდის. საქსტატი მთლიან შიდა პროდუქტთან დაკავშირებით ინფორმაციას სამ თვეში ერთხელ აქვეყნებს.

დღის ამბები