15 ნოემბერი 2024,   03:16
ვრცლად
ფიზიკური დაპირისპირება და მიკროფონის ახალი დანიშნულება პარლამენტში - რა სთხოვეს ინციდენტში მონაწილე ოპონენტებმა შალვა პაპუაშვილს

საპარლამენტო ტრიბუნამ და მიკროფონმა დღეს, სხდომათა დარბაზში მცირე ხნით განსხვავებული დატვირთვა შეიძინა. ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირების მიზეზი ხალხის ძალისა და ოპოზიციის ნაწილს შორის კვლავ ე.წ. აგენტების კანონთან დაკავშირებით გაკეთებული რეპლიკები გახდა. სიტუაციის განმუხტვას მანდატურების ჩარევაც დასჭირდა.

ტარიელ ნაკაიძესთან ჩხუბის მიზეზის საკუთარი ვერსია აქვს ვიქტორ ჯაფარიძეს. "ხალხის ძალის" ერთ-ერთი ლიდერი ამბობს, რომ ოპონენტების მხრიდან შეურაცხმყოფელი ტერმინების მოსმენა მუდმივად უწევს, რასაც მისი აზრით, ადეკვატური პასუხი გასცა.

ფიზიკური დაპირისპირებიდან რამდენიმე წუთში 5-მა ოპოზიციონერმა დეპუტატმა პარლამენტის თავმჯდომარეს სპეციალური წერილითაც მიმართა. კანონმდებლები შალვა პაპუაშვილისგან სასესიო დარბაზში "ხალხის ძალის" 9 დეპუტატის სხვა ადგილებზე გადასმას სთხოვენ. ამბობენ, რომ მათ ზურგს უკან მსხდომი პარლამენტარებისგან მუდმივად საფრთხეს გრძნობენ.

სხდომათა დარბაზში ადგილის შეცვლას ხალხის ძალის წარმომადგენლები არ აპირებენ. ოპონენტებს კი ურჩევენ, რომ ბოიკოტში მყოფი ნაცმოძრაობის წევრების სკამები თავად დაიკავონ, რაც მხარეებს შორის დისტანციას ბუნებრივად გაზრდის.

ჩხუბისა და სიტყვიერი დაპირისპირების გაშველება დღეს ქართული ოცნების წევრებს მანდატურებთან ერთად მოუწიათ. ინციდენტის შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობაში თქვეს, რომ ფაქტი სამწუხარო იყო, თუმცა ის ოპოზიციის მხრიდან კოლეგების ბულინგს და შეურაცხყოფას მოჰყვა.

"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ კანონპროექტის გაწვევის მიუხედავად - ოპოზიციასა და უმრავლესობის წევრებს შორის ის კვლავ უთანხმოების მთავარი მიზეზია.

 

დღის ამბები