"ჩემი ვიზიტისას მსურს, მკაფიო გავხადო, რომ გერმანია სრულად უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ პერსპექტივას" - თბილისში გამომგზავრებამდე ერთი დღით ადრე, ანალენა ბერბოკის ოფიციალური განცხადება გერმანიის საგარეო უწყების გვერდზე გამოაქვეყნდა. მხარდაჭერის პარალელურად გერმანელი დიპლომატი კურსიდან გადახვევის საშიშროებასაც ხედავს.
არასწორი და რეალობას აცდენილი, ასე შეაფასეს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება, მმართველი გუნდში. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ქვეყნის მთავარი პრიორიტეტი 12 რეკომენდაციის შესრულებაა და მაღალი დონის შეხვედრაზე, ისინი სწორედ ამ მიმართულებით განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრებენ.
ანალენა ბერბოკს ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ გარემოზე ინფორმაციას ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც მიაწვდიან. ოპოზიციაში, აცხადებენ, რომ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი არა საქართველოს ხელისუფლების, არამედ მოსახლეობისა და მათი ევროპული მისწრაფებისადმი მხარდაჭერის გამოხატვაა.
მინისტრის პორტფელი, ანალენა ბერბოკმა 2021 წლის დეკემბერში ჩაიბარა და გახდა გერმანიის საგარეო უწყების პირველი ქალი მინისტრი. ბერბოკის საგარეო პოლიტიკურ ხედვაზე წერენ რომ ის ახალი, თამამი ხმაა გერმანიის საგარეო პოლიტიკაში და ცდილობს ერთმანეთთან შეათავსოს ღირებულებებზე დაფუძნებული საგარეო პოლიტიკური ხედვები და რეალური პოლიტიკა.
ანალენა ბერბოკს გამოკვეთილად უკრაინის მხარდამჭერი პოზიცია უკავია და ომის დაწყებიდან სამჯერ იმყოფებოდა ცხელ წერტილებში. მსგავსი მაღალი რანგის პოლიტიკოსის სტუმრობა, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელთა შეფასებით, ქვეყნის იმიჯისთვის მნიშვნელოვანი ასპექტია.
საგარეო საქმეთა მინისტრი გერმანელ კოლეგას ხვალ დილით უმასპინძლებს. ხვალვე ანალენა ბერბოკი შეხვდება პრემიერ-მინისტრს, პრეზიდენტს, სამოქალაქო საზოგადოებას და ოპოზიციას. ვიზიტის ფარგლებში გერმანელი დიპლომატი საოკუპაციო ხაზთან ჩავა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას შეხვდება.