გეგმა რჩება ისევ გეგმად, საფრთხე იმისა, რომ ქვეყნის შიგნით და გარეთ მყოფი მტრული ძალები და ე.წ. მეხუთე კოლონა საქართველოში შეეცადონ დესტაბილიზაციას და გადმოიტანონ ომი, არსად წასულა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც ინტერპელაციის წესით დეპუტატების შეკითხვებს პასუხობს.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, მტრულ ძალებს დასახული მიზნის მისაღწევად რამდენიმე მცდელობა ჰქონდათ, მათ შორის იყო კანდიდატის სტატუსის არ მიცემა, თბილისში გამართული აქციები სახელწოდებით „შინ ევროპისკენ“ და ორიოდე კვირის წინ, 7-8 მარტს გამართული ძალადობრივი აქციები, სადაც აქციის მონაწილე დესტრუქციული ძალები პოლიციელების მისამართით „მოლოტოვის კოქტეილებსა“ და ქვებს ისროდნენ.
პრემიერ-მინისტრის თქმით, კანდიდატის სტატუსის მინიჭება დამსახურებაზე დაყრდნობილი გადაწყვეტილება რომ ყოფილიყო, საქართველო პირველ რიგში იმსახურებდა მას, რადგან საქართველო ბევრად უსწრებს წინ მოლდოვას და უკრაინას ყველა მიმართულებით, იქნება ეს რეფორმები, მიღწევები, გამჭვირვალობა, კანონმდებლობა თუ სხვა.
„დღეს რა თქმა უნდა, არ ჩერდება და არ შეცვლილა ეს მიდგომა. გეგმა რჩება ისევ გეგმად, არსად არ წასულა, პირიქით, მე ვიტყოდი და მე მინდა ავხსნა ჩემი სიტყვები. დღესაც, სამწუხაროდ, არსებობენ ძალები, რომლებიც თვლიან, რომ საჭიროა ყურადღების გადატანა სხვა მიმართულებით, რომ მოხდეს ერთგვარი დაკომპენსირდება და მეტი დროის მიცემა უკრაინისთვის, რომ მათ შეძლონ საკუთარი ძალების აღდგენა და კონტრშეტევების მომზადება. ასეთ გამოწვევად, ასეთ ადგილად რჩება საქართველო. ასევე რჩება მოლდოვა. ამის თაობაზე არაერთი ინფორმაცია, მათ შორის ანალიტიკური ცნობები არის გავრცელებული საჯაროდ უკვე, ღია წყაროებში. ამიტომ დღეს, მეგობრებო, კიდევ ვიმეორებ, საფრთხე იმისა, რომ ქვეყანაში გადმოიტანონ, ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ მყოფმა მტრულმა ძალებმა, შეეცადონ დესტაბილიზაციას და გადმოიტანონ ომი, არსად არ წასულა. ეს საფრთხე რჩება საფრთხედ და მე მინდა ამის თაობაზე უფრო ვრცლად ვისაუბროთ. მესამე მცდელობას შეგახსენებთ, ძვირფასო მეგობრებო, ე.წ კანდიდატის სტატუსის არ მიცემა. ძალიან მოკლედ ვიტყვი კიდევ ერთხელ, რომ ეს იყო რა თქმა უნდა, უსამართლო გადაწყვეტილება, ვინაიდან თუ მათი მიდგომა არის, რომ დამსახურებაზე დაყრდნობილი გადაწყვეტილება ყოფილიყო, რა თქმა უნდა, საქართველო პირველ რიგში იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს. ჩვენ არავის არ ვედრებით, მაგრამ ამის თაობაზე ინფორმაცია არის საჯარო, ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ საქართველო წინ უსწრებს ბევრად, ორჯერ, სამჯერ, უფრო მეტადაც მოლდოვას, უკრაინას ყველა მიმართულებით, იქნება ეს რეფორმები, ჩვენი მიღწევები, გამჭვირვალობა, კანონმდებლობა და ა.შ. ასევე გეტყვით, რომ რა თქმა უნდა ჩვენი ქვეყნის შიგნით მოქმედი დესტრუქციული, ექსტრემისტული ძალების, შიდა მტრების, ე.წ მეხუთე კოლონის და მათი მოკავშირე გარე ძალების გათვლა, ამოცანა იყო ხელისუფლების შეცვლა და აქ ე.წ რევოლუციის მოწყობა. გახსოვთ კარგად ე.წ აქციები „შინ ევროპისკენ“ და მათი გაცხადებული მიზანიც ასევე იყო ხელისუფლების შეცვლა და რა თქმა უნდა, მათი საბოლოო ამოცანა არის ომის დაწყება. ეს გეგმაც ჩაუვარდათ ჩვენს შიდა თუ გარე მტრებს და ბოლო მცდელობა, შეგახსენებთ, ახლა უკვე რამდენიმე, ორიოდე კვირის წინ, 7-8 მარტს, ძალადობრივი აქციების ორგანიზებაში პირდაპირ იყო ჩართული ე.წ მეხუთე კოლონა და მათ მიერ მართული ექსტრემისტული, რადიკალური, ანარქისტული ძალები, მათ მიერ კონტროლირებული მათი ახალგაზრდული ორგანიზაციები, „ნაცმოძრაობის“, „გირჩი მეტი თავისუფლების“, ე.წ ფრანკლინის კლუბის ანარქისტული მოძრაობები. თქვენ გახსოვთ, რომ მათი მცდელობები იყო პოლიციაზე თავდასხმების, გვახსოვს ყველას კარგად, ვნახეთ „მოლოტოვის კოქტეილების“ სროლა, ქვების სროლა პოლიციის მიმართულებით და ა.შ. ეს იყო ძალადობრივი აქცია, რომელიც ხელისუფლებამ თავისი გონიერებითა და სიმტკიცით მოიგერია და ყველას სათანადო ადგილი მიუჩინა“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.