27 აპრილი 2024,   02:19
ვრცლად
"ექიმებს ისევ არ ემორჩილება, არ იკვებება და თვითდაზიანების რეჟიმშია" - მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო დახასიათება

"ექიმებს ისევ არ ემორჩილება, არ იკვებება და თვითდაზიანების რეჟიმშია, ღიზიანდება როდესაც მედიკოსები რჩევებს აძლევენ, უარს ამბობს სამკურნალო მასაჟებზეც" - ეს პალატა 501-ის პაციენტის, მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო დახასიათებაა. "ვივა მედის" ენდოკრინოლოგის მტკიცებით, ის საჭირო კალორიების მხოლოდ მეოთხედს იღებს, თუმცა არის გამონაკლისებიც. სწორედ იმ დროს, როდესაც თბილისში საპროტესტო აქციები მიმდინარეობდა, მიხეილ სააკაშვილის მენიუ გამრავალფეროვნდა. პაციენტმა, სხვა დღეებისგან განსხვავებით, მეტი საკვების მიღება დაიწყო, თუმცა ექსპრეზიდენტის დედა, გიული ალასანია კვლავ ამტკიცებს, რომ მის შვილი მოწამლულია და საჭმლის მიღება არ შეუძლია.

ამ პირობებში კლინიკა "ვივა მედმა" ჩათვალა, რომ მიხეილ სააკაშვილის სიმპტომური მკურნალობა პენიტენციურ დაწესებულებაშიცაა შესაძლებელი.
რატი ბრეგაძის უწყებას დასკვნა ჯერ არ დაუდია. არც სააკაშვილის გარემოცვა ჩქარობს სტრასბურგის სასამართლოში ჩივილს, თუმცა ამის პირობა უკვე რამდენჯერმე დადეს.

ადვოკატები აცხადებენ, რომ სარჩელი ჯერ სრულად არ მოუმზადებიათ, გიული ალასანია კი ამტკიცებს, რომ ევროპის ადამიანთა უფლებათა სასამართლოსთვის ყველაფერი მზადაა და არ იცის, რატომ ჭიანურდება პროცესი. დედა შვილთან დღესაც მწირი მენიუთი მივიდა.

ექსპრეზიდენტის ოჯახის საჩივარი, რომელიც წესით უკვე ევროსასამართლოში უნდა იყოს, ამ დრომდე არ გაგზავნილა. ადვოკატები ამბობენ, რომ დოკუმენტი ჯერ ბოლომდე არ დაწერილა, მისი გაგზავნის თარიღი კი მიხეილ სააკაშვილმა უნდა გადაწყვიტოს. საპირისპიროს ამტკიცებს ყოფილი პრეზიდენტის დედა, რომელიც წინა კვირის მსგავსად, დღესაც ირწმუნებოდა, რომ სტრასბურგის საჩივარი, რომლითაც მსჯავრდადებულისთვის სასჯელის გადავადება და მისი სამკურნალოდ გადაყვანა უნდა მოითხოვონ, დიდი ხანია მზადაა.

მოხარშული კვერცხი, წიწიბურა და სალათა- ეს ექსპრეზიდენტის დღევანდელი მენიუა, რომელიც ექიმ-ენდოკრინოლოგის თქმით, სააკაშვილის ჯანმრთელობას ვერ გააუმჯობესებს. მედიკოსები ამბობენ, რომ პაციენტი, კვლავ არ ჭამს, არ ემორჩილება ექიმებს და კატეგორიულ უარს ამბობს, პროფესორ-ენდოკრინოლოგების ჯგუფის დახმარებაზეც. სიმპტომური მკურნალობის გაგრძელება კი სპეციალისტების თქმით, ნებისმიერ სხვა დაწესებულებაშიც შეუძლია.

მედპერსონალის განცხადებას ექსპრეზიდენტი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. მიხეილ სააკაშვილი წერს, რომ ტყუილია, თითქოს ექიმებზე და კონსილიუმზე უარს ამბობს. ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისევ კლინიკას და სახელმწიფოს აკისრებს პასუხისმგებლობას "ნაციონალური მოძრაობაც".

ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობაზე პასუხისმგებელი მხოლოდ სააკაშვილია, ამბობენ მმართველი გუნდში და ისევ ექს-პრეზიდენტის თვითდაზიანებაზე მიუთითებენ

აქვს თუ არა აზრი სააკაშვილის კლინიკა "ვივა მედში" დარჩენას, იუსტიციის სამინისტრომ უნდა გადაწყვიტოს, რომელსაც სამედიცინო დაწესებულებამ, განცხადებით 4 დღის წინ მიმართა.

 

ავტორი: ანუკა ბუავა

დღის ამბები