ფიზიკური დაპირისპირება ბათუმის დრამატულ თეატრთან "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტების მისვლას მოჰყვა, ექსპრეზიდენტის ერთ-ერთმა მომხრემ "ქართული ოცნების" წვერს ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი სახეში გაარტყა. ფიზიკური დაპირისპირებაც სწორედ ამის შემდეგ დაიწყო.
"ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტები მმართველი პარტიის რეგიონალური კონფერენციის დაწყებამდე შენობასთან მიხეილ სააკაშვილის ბანერებით და მასიურებით მივიდნენ. მათ შეხვედრისთვის ხმაურით ხელის შეშლაც სცადეს.
"ნაცმოძრაობის" აქტივისტების ქმედება მიზანმიმართულ პროვოკაციად შეაფასა "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა. მამუკა მდინარაძის თქმით, ოპონენტები მმართველი გუნდის მომხრეების პროვოცირებას შესაძლო და ყველა მიუღებელი ხერხით ცდილობენ
რეგიონული კონფერენციები მმართველმა გუნდმა ბათუმიდან დაიწყო. დღეს ბათუმის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელად ქალაქის მოქმედი მერი აირჩიეს. პარტიის თავმჯდომარე დარწმუნებულია, რომ კონფერენციები და აქტივთან ხშირი კომუნიკაცია, პარტიული ინფრასტრუქტურის გაძლიერებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.
მოქალაქეების მიერ დაკისრებული ვალდებულებების შესრულება და რეგიონული ორგანიზაციის გაძლიერება - ეს ის საკითხებია, რომელსაც, არჩილ ჩიქოვანი პრიორიტეტულად მიიჩნევს. ბათუმის მერი და პარტიული ორგანიზაციის არჩეული თავმჯდომარე, ამბობს, რომ მზადაა თანაგუნდელებთან ერთად აქტიურად იმუშაოს. ქართული ოცნების ლიდერების თქმით რეგიონული კონფერენციები 2024 წლის არჩევნებისთვის მზადების ერთ-ერთი კომპონენტია.
29 და 30 მარტს შეხვედრები აჭარის რეგიონის სხვა ქალაქებშიც ჩატარდება. "ქართული ოცნება " ქვეყნის მასშტაბით სულ 73 პარტიული კონფერენციის გამართვას და რაიონული ორგანიზაციების ხლემძღვანელების არჩევას გეგმავს.