ერთი დაღუპული და რამდენიმე დაშავებული, მათ შორის არასრულწლოვნები - აჭარა სტიქიამ დააზარალა. ძლიერი ქარის დროს ქობულეთში აღმაშენებლის ქუჩაზე მოძრავ მანქანას ხე დაეცა. 40 წლამდე მამაკაცი ადგილზე დაიღუპა. ქარმა ხის სახლი დაანგრია ჩაქვში - ნანგრევებში მოჰყვა 80 წლამდე ქალი.
ქარმა პრობლემები შექმნა ბათუმშიც. ათამდე სახლს სახურავი ახადა და წააქცია ხეები. დაზიანებულია ელექტროგადამცემი ბოძები და ავტომობილები.
სტიქიის ერთ-ერთი ეპიცენტრია გურიაც. ქარმა ოზურგეთში, დოლიძის ქუჩაზე ხუთსართულიანი კორპუსის სახურავი მთლიანად გადახადა. დაზიანებულია შენობის აივნები და გარე ფასადი. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
გურიისა და აჭარის გარდა, ქარმა პრობლემები შექმნა სამეგრელოშიც. სტიქიამ სენაკში, რამდენიმე საცხოვრებელი შენობის - მათ შორის რუსთაველის ქუჩაზე მდებარე საერთო საცხოვრებლის სახურავი დააზიანა. აქ არავინ დაშავებულა.
აჭარაში, გურიასა და სამეგრელოში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები უკვე დაწყებულია. ზარალს შესაბამისი კომისიები ამ წუთებშიც ითვლიან.