თბილისში გამოკრულ პლაკატებთან დაკავშირებით შეფასებები გაკეთდა ოპოზიციურ სპექტრში. ხელისუფლების ოპონენტების ნაწილი ამბობს, რომ 78 დეპუტატთან დაკავშირებით, ვინც უცხოური აგენტების შესახებ კანონს ხმა მისცა, საზოგადოება საკუთარ დამოკიდებულებას გამოხატავს. ოპოზიციის ნაწილი კი აღნიშნავს, რომ პლაკატებთან დაკავშირებით, რეაქცია არ აქვთ.
"ფაქტია, რომ 78 დეპუტატი, ვინც ხმა მისცა რუსულ კანონს, მათთან დაკავშირებით საზოგადოება არის ჩამოყალიბებული და ის საინფორმაციო პლაკატები, რომელიც ქალაქში გაიკრა ამ 78 დეპუტატთან დაკავშირებით, გამოხატავს ხალხის დამოკიდებულებას და ეს არ არის პარტიის მიერ განხორციელებული კამპანია. თუმცა, საპირისპიროდ, ჩვენ ვხედავთ სიძულვილს, რომელსაც აღვივებს "ქართული ოცნება," - ამბობს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ლაშა ფარულავა.
პარლამენტის წევრი, პარტიის "ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკური მდივანი, სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ გამოკრული პლაკატები მისთვის არაფერს ნიშნავს.
"მე არანაირი რეაქცია არ მაქვს, რამდენი პლაკატიც უნდათ, იმდენი გამოფინონ, იმიტომ რომ აბსურდია განაცხადი, რომ მაგალითად მე, როდესმე გამიკეთებია რამე, გარდა იმისა, რომ ვემსახურე ჩემს ქვეყანას, მის დემოკრატიულ და ევროპულ მომავალს. მე არ მგონია, რომ ვინმეს დავალება სჭირდება, იმიტომ," რომ "ქართული ოცნება" რუსული კანონის მიღების გზით, შეეცადა წაერთმია ჩვენი ქვეყნისთვის ევროპული მომავალი. ამაზე საზოგადებას აქვს შესაბამისი რეაგირება," - აცხადებს სალომე სამადაშვილი.
პარტიის "საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი, მიხეილ დაუშვილი მიიჩნევს, რომ პოლიტიკურ მხარეებს და განსაკუთრებით "ქართულ ოცნებას" დაწყებული აქვს აგრესიული საარჩევნო კამპანია 2024 წლის არჩევნებისთვის.
"ორივე მხარეს, პირველ რიგში ოცნებას დაწყებული აქვს მზადება და დაწყებული აქვს აგრესიული კამპანია 2024 წლის არჩევნებისთვის. ამისთვის აკეთებენ ამ ყველაფერს და ეს საბოლოო ჯამში, ეძღვნება ერთადერთ რამეს, ეს არის დაპირისპირების ზრდა საზოგადოებაში და მეტი არაფერი," - ამბობს მიხეილ დაუშვილი.
დღეს დილიდან თბილისელებს ქალაქი პლაკატით გადაჭრელებული დახვდათ. ოპერის მიმდებარე ტერიტორიაზე გამოკრულია საპარლამენტო უმრავლესობის იმ დეპუტატების ფოტოები, ვინც ე.წ. აგენტების კანონს მხარი დაუჭირა.
ოპერასთან ასამდე ანტისახელისუფლებო წარწერის შემდეგ, თბილისის რამდენიმე ქუჩაზე ოპოზიციის საწინააღმდეგო ათასობით პოსტერი გააკრეს.
თბილისის რამდენიმე ქუჩასა და მეტროპოლიტენის ამოსასვლელებში ოპოზიციის საწინააღმდეგო პლაკატები დილიდან გამოჩნდა. მათზე გამოსახულია ოპოზიციის ლიდერების ფოტოები წარწერით – "მოღალატე ჯაშუშები" და "ეკლესიის მაგინებელი ჯაშუშები".