საპარლამენტო უმრავლესობის 78 დეპუტატის პოსტერი, სოციალურ ქსელში "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, პლაკატების ქუჩაში გამოკვრიდან მალევე გააზიარა. კანონმდებლების ფოტოებს წარწერით - "მოღალატე", ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის ლიდერმა ხალხის სწორი რეაქცია უწოდა. დღესვე ქალაქში ათასობით საპირისპირო შინაარსის პოსტერი გამოჩნდა. ეკლესიის მაგინებლები, მოღალატე ჯაშუშები - ამ ეპითეტებით თბილისის ქუჩებში ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები გამოფინეს. "ნაციონალურ მოძრაობაში" ლიდერის ქმედებას იწონებენ, საპირისპირო კამპანიას კი, სიძულვილის ენის ტირაჟირებად თვლიან.
ქუჩებში პლაკატების გამოფენას "ნაცმოძრაობის" მხრიდან პოლარიზაციის მორიგ სტიმულირებად აღიქვამს მმართველი გუნდი. "ქართული ოცნების" ლიდერები ფიქრობენ, პროცესის უკან "ნაციონალური მოძრაობის" ყოფნას, თავმჯდომარის "ფეისბუკ" სტატუსიც ადასტურებს.
პოსტერების კამპანიას დღეს "ნაციონალური მოძრაობის" გარდა, იმ ოპოზიციურ პარტიებშიც გამოეხმაურნენ, რომელთა წევრებიც პლაკატებზე მოხვდნენ. ხელისუფლების ოპონენტები აქცენტს სიძულვილის ენის გამოყენების ნეგატიურ ეფექტზე აკეთებენ და ამბობენ, რომ კომუნიკაციის ეს სტილი ქვეყანაში ტრადიციად ჩამოყალიბდა.
ქალაქში გაკრულ პოსტერებთან კავშირს საპარლამენტო უმრავლესობაში გამორიცხავენ. ამბობენ, რომ ყოფილი სახელისუფლებო პარტიის მხრიდან დაწყებულ სიძულვილის კამპანიას, არცერთი უფლებადამცველი არ გამოხმაურებია, რაც ეჭვებს აჩენს.
პოსტერებით დაპირისპირება დედაქალაქის ქუჩებისთვის ახალი არაა. თუმცა, როგორც წარსულში, დღესაც პროცესთან კავშირს ყველა პოლიტიკური აქტორი უარყოფს.