მმართველი პარტიის გენერალურმა მდივანმა დავით კეზერაშვილის ინტერვიუში სავარაუდო დანაშაულის ნიშნები დაინახა. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ყოფილი თავდაცვის მინისტრის აღიარება ოპოზიციური პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნებს აჩენს. სახელისუფლებო პარტიაში შესაძლო პოლიტიკურ კორუფციაზე საუბრობენ. პოლიტიკოსების განმარტებით, კეზერაშვილმა ინტერვიუში ისიც დაადასტურა, რომ ოლიგარქის ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს.
ყოფილმა ძალოვანმა ვრცელი ინტერვიუ საკუთარ ტელევიზიას მისცა. კეზერაშვილმა თქვა, რომ ხელისუფლების შესაცვლელად საკუთარი სახსრებით ოპოზიციურ პარტიებს და სამოქალაქო სექტორის ნაწილს ეხმარება. ხელისუფლების ოპონენტები მისგან ფინანსურ დახმარებას უარყოფენ. ამბობენ, რომ ყველა შემოსავალი გამჭვირვალე და დეკლარირებული აქვთ.
დავით კეზერაშვილის განცხადებებს განსხვავებული შეფასება მოყვა საპარლამენტო ოპოზიციის იმ ნაწილში, ვინც მათი თქმით, ყოფილ თავდაცვის მინისტრთან კავშირში არაა. პარტია "საქართველოსთვის" წევრები ამბობენ, რომ არსებული მოცემულობით კეზერაშვილს ოლიგარქის სტატუსი შეესაბამება. "გირჩში" კი ექს-თავდაცვის მინისტრს, პოლიტიკურ გემოვნებას და ფსონებს უწუნებენ.
დავით კეზერაშვილის ინტერვიუ თვითლუსტრაციად აღიქვეს საპარლამენტო უმრავლესობაში. ფლობს მედიას, აფინანსებს პოლიტიკურ ძალებს და არასამთავრობოებს, ერევა პოლიტიკაში, თუმცა ოფიციალურად პასუხისმგებელი არაფერზეა - ეს ის მთავარი საკითხებია, რომელიც "ოცნების" წევრების თქმით, კეზერაშვილმა ინტერვიუში ღიად დაადასტურა.
თავდაცვის ყოფილი მინისტრი, რომელიც ქართულმა სასამართლომ ჯარის კუთვნილი ფინანსების მითვისების ბრალდებით გაასამართლა, საჯაროდ - სატელევიზიო ეთერში მრავალწლიანი პაუზის შემდეგ გამოჩნდა. სოციალური ქსელით რამდენიმე აქტივობის შემდეგ, დავით კეზერაშვილი ახლა სატელევიზიო ეთერით აცხადებს, რომ მზადაა ხელისუფლების შესაცვლელად პოლიტიკურ ძალებს ფინანსური დახმარება აღმოუჩინოს.