15 ნოემბერი 2024,   06:47
ვრცლად
"ნაციონალური მოძრაობა" 7-9 მარტის აქციების მითვისებას ცდილობს - პარტიის ლიდერი ამბობს, რომ "აგენტების კანონპროექტის" გასაპროტესტებლად ხალხი ქუჩაში ენმ-მ გაიყვანა

"ნაციონალური მოძრაობა" 7- 9 მარტის აქციების მითვისებას ცდილობს. პარტია, რომლის ლიდერიც დემონსტრაციის დაშლის დროს გაიქცა, ახლა ამბობს, რომ რუსთაველის გამზირზე ე.წ. აგენტების კანონპროექტის გასაპროტესტებლად ხალხი ქუჩაში "ნაციონალურმა მოძრაობამ" გაიყვანა.

განცხადება "ნაციონალური მოძრაობის" სახელით ამჯერად ნიკა მელიასგან ლევან ხაბეიშვილთან პორტირებულმა პეტრე ცისკარიშვილმა გააკეთა.

ცისკარიშვილის განცხადებას, რომელიც ხაბეიშვილის მენეჯმენტშიც ინარჩუნებს გენერალური მდივნის პოზიციას, "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი წევრებიც კი გაემიჯნენ ისევე, როგორც დანარჩენი ოპოზიცია - განწყობა ყველას ერთი აქვს: "შიდა დაპირისპირებაში მყოფი დისკრედიტირებული ყოფილი მმართველი პარტია, აქციების საავტორო უფლების მითვისებით 7-9 მარტის მოვლენების დისკრედიტირებასაც ახდენს და პროცესებს აზიანებს".

ამბიციური განცხადების ავტორმა დღეს მედიის კითხვები უპასუხოდ დატოვა.

"ნაციონალური მოძრაობა" 7-9 მარტის აქციებს მოსახლეობასთან პარტიულ შეხვედრებს უკავშირებს. პარტიის გენერალურმა მდივანმა, ერთ-ერთ ინტერვიუში ეს ღიად განაცხადა. პეტრე ცისკარიშვილი ამბობს, რომ ე.წ. აგენტების კანონის გასაპროტესტებლად საზოგადოება, "ნაცმოძრაობის" საინფორმაციო კამპანიამ და რეგიონულმა აქციებმა გამოიყვანა. ცისკარიშვილის მოსაზრებას იზიარებს, ახლად არჩეული თავმჯდომარეც. ხაბეიშვილის თქმით, პროტესტი ბოიკოტში მყოფი "ნაციონალების" საკომიტეტო აქტიურობას მოჰყვა.

ახალი მენეჯმენტის პოზიციას დღეს, პარტიის უკვე ყოფილი წევრები გაემიჯნენ. ხატია დეკანოიძე მიიჩნევს, რომ საპროტესტო მუხტი სრულად თვითორგანიზებული იყო.

"ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან, საპროტესტო აქციების პრივატიზების მცდელობა მმართველი გუნდის აზრით, ახალი არაა. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ოპოზიციური პარტია ნებისმიერი პროტესტის მითვისებას და ძალადობრივ ჭრილში გადაყვანას ცდილობს, რაც, მარტის აქციებზე გულწრფელად მისული საზოგადოებისთვის შეურაცხმყოფელი უნდა იყოს.

პროტესტის მითვისების მცდელობისთვის "ნაციონალური მოძრაობა" კოლეგების უმრავლესობამაც მწვავედ გააკრიტიკა. პოლიტიკოსებმა, "ნაცმოძრაობის" ახალ მენეჯმენტს, ირონიულად, მათ მიერ ორგანიზებულ აქციებზე მისული ხალხის რაოდენობაც შეახსენეს.

"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერების განცხადებებს რეალური სურვილების გამჟღავნებას უწოდებს საპარლამენტო უმრავლესობა. დეპუტატების აზრით, "ნაცმოძრაობის" წევრები წამოცდენებით ადასტურებენ, რომ ე.წ. აგენტების კანონთან დაკავშირებით ოპოზიცია მიზანმიმართულ დეზინფორმაციულ კამპანიას ეწეოდა.

7-9 მარტს საპროტესტო აქციები ე.წ. აგენტების კანონის გამო გაიმართა. კანონპროექტის უკან გაწვევიდან თითქმის ერთი თვის თავზე "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები ამტკიცებენ, რომ საპროტესტო მუხტის ორგანიზება მათი დამსახურებაა.

დღის ამბები