საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე, ლევან მურუსიძე ამბობს, რომ შეერთებული შტატების საელჩოს ქართული სასამართლო სისტემის ხელში ჩაგდება სურს და ეს მცდელობა უკვე წლებია გრძელდება. მან კორუფციის ბრალდებას უსაფუძვლო უწოდა. ლევან მურუსიძე ამბობს, რომ არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს მის კავშირებს კორუფციულ საქმიანობასთან, ან კორუფციულ გარიგებასთან.
"რადგანაც კორუფცია არის გამორიცხული თემა, რჩება ერთი - ეს არის სასამართლო სისტემის ხელში ჩაგდება. ეს იყო მრავალწლიანი მცდელობა. კონკრეტულად, ხდებოდა მითითება იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ უნდა ყოფილიყო საბჭოს წევრი. თავის დროზე ყველაფერს გეტყვით. რადგან უნდათ სასამართლო სისტემის მიტაცება, ეს არის ორკესტრირებული და აგიხსნით რატომ. ვინმე რომ გულწრფელად ყოფილიყო დაინტერესებული რეალური პროცესებით, რა ხდება სასამართლო სისტემაში, როდესაც ჩამობრძანდებიან ევროსაბჭოდან, ევროკავშირიდან და ხვდებიან არასამთავრობო ორგანიზაციებს, მოსულიყვნენ სასამართლო სისტემაში და ეთქვათ, რომ ბატონო ლევან, თქვენზე ლაპარაკობენ რომ ხართ კლანი, მაგალითად, გვაქვს ჩვენ ეჭვები რომ ეს საქმე გადაწყვეტილი იყო ან კორუფციის გამო, ან ზეწოლის გამო. მე მექნებოდა იმის საშუალება, რომ ამეხსნა მათთვის და მეთქვა, რომ რასაც ახლა საუბრობთ, არ შეესაბამება სინამდვილეს,“ - ამბობს ლევან მურუსიძე.
შეგახსენებთ, რომ შეერთებულმა შტატებმა გუშინ მიიღო გადაწყვეტილება, დაესანქცირებინა საქართველოს სამი მოქმედი და ერთი ყოფილი მოსამართლე. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა სანქცია დაუწესა მიხელ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას, ასევე თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს, ვალერიან ცერცვაძეს. სანქცია ეხება არა მხოლოდ ამ მოსამართლეებს, არამედ მათ ოჯახის წევრებსაც.