15 ნოემბერი 2024,   05:36
ვრცლად
დიმიტრი გვრიტიშვილმა პრემიერ-მინისტრს მიმართა და უმოკლეს ვადებში მოსამართლეებთან შეხვედრა მოითხოვა

დიმიტრი გვრიტიშვილმა პრემიერ-მინისტრს მიმართა და უმოკლეს ვადებში მოსამართლეებთან შეხვედრა მოითხოვა. საუბარია აშშ-ის მიერ საქართველოს სამი მოქმედი და ერთი ყოფილის მოსამართლის დასანქცირების თემაზე. 

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ამბობს, რომ დასანქცირებულ მოსამართლეებს სხვა კოლეგებისგან განსხვავებული არაფერი გაუკეთებიათ. 

"პრემიერთან შეხვედრას ვითხოვთ იმიტომ, რომ უსაფრთხოების დაცვის ერთ-ერთი კომპონენტი უდავოდ არის დამოუკიდებელი სასამართლო ხელისუფლება. ამიტომაც მას, როგორც ქვეყანაში უპირველესად პასუხისმგებელ პირს უსაფრთხოებაზე, მივმართეთ მოგვისმინოს. ჩვენ გვაქვს გარკვეული ინფორმაციები, გარკვეული ფაქტები, რომელსაც მივაწვდით და დაველოდებით შემდგომ რეაგირებას. დასანქცირებულ მოსამართლეებს, ჩემგან და ჩემი სხვა კოლეგებისგან, დაუსანქცირებელი კოლეგებისგან განსხვავებული არაფერი გაუკეთებიათ. საბოლოო ჯამში, მიზანი ნათელია. ერთი ჯაჭვის კონკრეტული რგოლებია ის სახელმწიფოები, მე განვიხილე უკრაინის და ალბანეთის მაგალითები. იგივე სქემით, იგივე ორკესტრირებული შეტევებით, იგივე ე.წ. რეფორმებით, რომელიც განხორციელდა ამერიკელების ჩართულობით, უკრაინის ხელისუფლებამ ფაქტობრივად, უკრაინის სუვერენიტეტზე სასამართლო ხელისუფლების ნაწილში უარი თქვა, გადააბარა მოსამართლეების დანიშვნის უფლებამოსილება მთლიანად ე.წ. საერთაშორისო ექსპერტებისგან დაკომპლექტებულ გაურკვეველ კომისიას, რომელსაც თურმე ჰქონია უფლება კონსტიტუციური ორგანოს, მართლმსაჯულების საბჭოს წევრების კვალიფიკაცია-კეთილსინდისიერება შეაფასოს, შემდგომ გააუქმოს. ყველასთვის აღშფოთებას უნდა იწვევდეს ფაქტი, რომ ვიღაცა უცხოელმა დაგინიშნოს შენს ქვეყანაში მოსამართლეები,“ - ამბობს დიმიტრი გვრიტიშვილი.

შტატებმა გუშინ მიიღო გადაწყვეტილება, დაესანქცირებინა საქართველოს სამი მოქმედი და ერთი ყოფილი მოსამართლე. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა სანქცია დაუწესა მიხელ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას, ასევე თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს, ვალერიან ცერცვაძეს. სანქცია ეხება არა მხოლოდ ამ მოსამართლეებს, არამედ მათ ოჯახის წევრებსაც. 

დღის ამბები