ლევან ხაბეიშვილის განცხადება, სადაც ის ამბობს, რომ "ერთხელ და სამუდამოდ ამ ქვეყანაში უნდა გაირკვეს, ვინ არის ნამდვილი ოპოზიცია და ვინ თვითმარქვია" - ოპოზიციაში მორიგი დაპირისპირების მიზეზი გახდა.
პარტიის თავმჯდომარის განცხადების განმარტება დღეს მისსავე თანაგუნდელებს მოუწიათ, რომლებიც აცხადებენ, რომ ხაბეიშვილის ამ სიტყვებში ის ადამიანები არ იგულისხმებოდნენ, ვინც უბრალოდ აქციას არ ესწრებოდნენ:
"არ იგულისხმება ის ადამიანები, ვინც უბრალოდ მიტინგს არ ესწრებოდნენ. ჩვენ ვამბობთ, რომ ვინც არ უერთდება ამ მოთხოვნებს - პარლამენტში ასეთია მაგალითად "ხალხის ძალა", რომელიც თავიდან ბოლომდე არის "ქართული ოცნების" რუსული ღია ქვედა ნაყოფი," - აცხადებს თბილისის საკრებულოს ფრაქცია ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ირაკლი ნადირაძე.
პარტია "ლელოში" ამბობენ, რომ მათი აზრით, ლევან ხაბეიშვილის განცხადება მათ არ ეხებოდათ.
"ეს ტერმინოლოგია არანაირად არ აღიქმებოდა ისე, რომ ჩვენს აღსაწერად იყო გამოყენებული. გუშინდელმა აქციამ აჩვენა, რომ ჩვენი გადაწყვეტილება იყო სწორი, რადგანაც აქციები ცალმხრივად არ უნდა დაანონსდეს და ის აქციები, რომელიც ჩვენმა საზოგადოებამ მართლაც უპრეცედენტო მობილიზაციით ჩაატარა, ეს იყო სწორედ ერთობის თვალსაჩინო მაგალითი,"- აღნიშნავს პარტიის ”ლელო საქართველოსთვის” პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ბადრი ჯაფარიძე.
გუშინ, რუსთაველის გამზირზე, "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერთა აქცია გაიმართა.