15 ნოემბერი 2024,   06:20
ვრცლად
​დემოკრატიის კვლევის მსოფლიოს ერთ-ერთმა მოწინავე ცენტრმა V-dem-მა, უზენაესი სასამართლოების დამოუკიდებლობის ინდექსი გამოაქვეყნა - მონაცემების მიხედვით, საქართველო კვლევაში კვლავ დადებითი ქულით ფასდება

დემოკრატიის კვლევის მსოფლიოს ერთ-ერთმა მოწინავე ცენტრმა V-dem-მა, უზენაესი სასამართლოების დამოუკიდებლობის ინდექსი გამოაქვეყნა. ბოლო მონაცემების მიხედვით, საქართველო კვლევაში კვლავ დადებითი ქულით არის შეფასებული. უზენაესი სასამართლოს დამოუკიდებლობის შეფასება ზედიზედ მეცხრე წელია პოზიტიური ქულით აღინიშნება, თუმცა 0.45 ქულით საქართველო ბოლო ექვსი წლის მაქსიმალურ ნიშნულს იკავებს. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ საერთაშორისო რეიტინგი მართლმსაჯულების რეფორმის რეალურ ეფექტურობას კიდევ ერთხელ ამტკიცებს.

V-dem-ის მონაცემების მიხედვით დგინდება ისიც, რომ საქართველო უზენაესი სასამართლოს დამოუკიდებლობის ინდექსით კავკასიის რეგიონში ლიდერია. ქვეყანა არსებული შეფასებით უსწრებს როგორც სომხეთსა და აზერბაიჯანს, ასევე პოლონეთს, უნგრეთს, მაკედონიას, იაპონიას და ევროკავშირისა და ნატოს წევრი სახელმწიფოების ნაწილს. მიუხედავად იმისა, რომ 2004-12 წლებში ანალოგიურ კვლევაში 0-ზე დაბალი ქულით ანუ უარყოფითი შეფასებით იყო, ყოფილ სახელისუფლებო პარტიაში მაინც ფიქრობენ, რომ სტატისტიკაზე მნიშვნელოვანი სასამართლოს მიმართ განწყობებია.

ოპონენტების მხრიდან მართლმსაჯულების რეფორმის მუდმივ პოლიტიზების მცდელობაზე საუბრობენ საპარლამენტო უმრავლესობაში. კანონმდებლების აზრით, პროგრესი თვალსაჩინოა, რაც კვლევით კიდევ ერთხელ დასტურდება. თუმცა ამის აღიარება, მათი თქმით, ოპოზიციის პოლიტიკურ დღის წესრიგში არ შედის.

მართლმსაჯულების რეფორმისა და სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობაზე დღეს თეა წულუკიანმაც ისაუბრა. კულტურის მოქმედი მინისტრი, რომელიც წლების განმავლობაში იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობდა ამბობს, რომ რეფორმირების ტალღები სამომავლოდ სასამართლო სექტორს ყველა ნეგატიური გავლენისგან დაიცავს.

უზენაესი სასამართლოს დამოუკიდებლობის ინდექსს, შვედეთში, გოტენბერგის უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერების დეპარტამენტის ბაზაზე დაფუძნებული V-dem ყოველწლიურად აქვეყნებს. კვლევაზე 4000-ზე მეტი ექსპერტი მუშაობს და ის ერთ-ერთია იმ ანალიტიკური დოკუმენტებიდან, რომელზე დაყრდნობითაც - მსოფლიო ბანკი "გლობალური მმართველობის ინდიკატორებს" აფასებს.

დღის ამბები