15 ნოემბერი 2024,   06:19
ვრცლად
"რის გადაფარვას ცდილობენ ამით? ჩაკეტილი რიკოთის უღელტეხილის თუ ბაობაბების საქმის გადაფარვას?" - გიორგი ბოტკოველი კეზერაშვილის შესახებ

BBC-ის საგამოძიებო მასალებზე, სადაც საუბარია მილიარდიან თაღლითობაზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით და რომლის მთავარ ფიგურანტად დავით კეზერაშვილია დასახელებული, დილიდან კეთდება პოლიტიკური განცხადებები თბილისში. ნაციონალური მოძრაობა ბრიტანული საზოგადოებრივი მაუწყებლის რეპორტაჟს კეზერაშვილის წინააღმდეგ აგორებული შავი პიარ კამპანიის ნაწილად აღიქვამს. პარტია კატეგორიულად გამორიცხავს ყოფილი ჩინოსნის კრიმინალურ ქსელთან კავშირს.

პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი ბოტკოველი ამბობს, რომ აღნიშნული თემით რიგი საკითხები გადაფარვის მცდელობაა.

"რის გადაფარვას ცდილობენ ამით? ჩაკეტილი რიკოთის უღელტეხილის თუ ბაობაბების საქმის გადაფარვას? მთავარია არის ერთი რამ, აგერ არის საერთაშორისო გამოძიება, აგერ არის საერთაშორისო მედია. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერთან დაკავშირებით, მე როგორც მოვისმინე ინფორმაცია, თვითონ დავით კეზერაშვილიც გაავრცელებს ინფორმაციას და განმარტავს ამ ყველაფერს, თუმცა ახლა ეს ვარაუდების დონეზე "გამოძიებული" კონკრეტული რაღაც, ამ ყველაფერს სჭირდება დადასტურება," - აცხადებს გიორგი ბოტკოველი.

პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, ლევან ბეჟაშვილი აცხადებს, რომ შესაბამისი მტკიცებულებები, შესაბამისი დასაბუთებები ამ საკითხთან დაკავშირებით არ არსებობს.

"მსგავსი ინფორმაციები არა ერთხელ გამოქვეყნებულა დავით კეზერაშვილთან მიმართებაში, მაგრამ ფაქტია, რომ ეს ინფორმაციები მხოლოდ მედიაში გაჟღერებულ ინფორმაციად რჩება და არანაირი სამართლებრივი შედეგები არ მოჰყვება, მათ შორის არც ევროპული ქვეყნების სამართალდამცავი ორგანოებისგან. ალბათ იმიტომ რომ შესაბამისი მტკიცებულებები, შესაბამისი დასაბუთებები ამ საკითხთან დაკავშირებით არ არსებობს," - აცხადებს ლევან ბეჟაშვილი.

შეფასება გააკეთა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ბაჩო დოლიძემ.

"მე შემიძლია შევაფასო კეზერაშვილი, მერაბიშვილი აბსოლუტურად სხვა ფაქტორიდან გამომდინარე, უბრალოდ მე მიმაჩნია, რომ მათი საჯარო პოლიტიკაში ყოფნა და აქტიურად პროცესებში ჩართვა არის დამაზიანებელი ჩვენთვის," - აცხადებს ბაჩო დოლიძე.

დღის ამბები