15 ნოემბერი 2024,   06:30
ვრცლად
ყურადღება უნდა მივაქციოთ BBC-ზე გამოქვეყნებულ მასალებს, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს ადამიანის დადანაშაულებას და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში მიცემას -პაატა მანჯგალაძე

პოლიტიკური დისკუსიის მთავარ თემად BBC-ის საგამოძიებო მასალა კვლავ რჩება.

ოპოზიციის ნაწილი ღიად მოუწოდებს დავით კეზერაშვილს გაემიჯნოს პოლიტიკურ პროცესებს, ვინაიდან ის მხოლოდ ნეგატიურ როლს თამაშობს.

"ჩემი აზრით, დავით კეზერაშვილი ვერ ითამაშებს დადებით როლს ქართულ ოპოზიციურ სპექტრში, რადგან ის რესურსები, რომლითაც უნდა თითქოსდა გააჯანსაღოს დემოკრატია ამ ქვეყანაში, მისი წარმომავლობა დგას კითხვის ნიშნის ქვეშ. ის ამბობს, რომ ერთი ოლიგარქი არის პრობლემა, მაგრამ ბევრი ოლიგარქი არის უკვე კონკურენცია. ეს არის იმ არასწორი ხედვის შედეგი, რომლის ჩანერგვასაც ის ეცდება. ამ ქვეყანაში, ჩვენ არც ერთი ოლიგარქი არ გვჭირდება,"- აცხადებს პარტიის ”ლელო საქართველოსთვის” გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე.

"რეფორმების ჯგუფის” წევრი პაატა მანჯგალაძე კი აცხადებს, რომ ყურადღება უნდა მივაქციოთ BBC-ზე გამოქვეყნებულ მასალებს, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს ადამიანის დადანაშაულებას და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში მიცემას:

"BBC ნამდვილად არის მაღალი მედიასტანდარტის მაუწყებელი, შესაბამისად, ყურადღება უნდა მივაქციოთ იქ გამოქვეყნებულ მასალებს, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს ადამიანის დადანაშაულებას და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში მიცემას. ქოლცენტრის სქემა არის კრიმინალური და დანაშაულებრივი, ეს არის ტრანსნაციონალური დანაშაული. მე მაინტერესებს კანდიდატის სტატუსი მიიღოს ქვეყანამ და არა ის, რომ კეზერაშვილის საკითხით, მთავარი საკითხი გადაიფაროს,"- აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”რეფორმების ჯგუფის” წევრი პაატა მანჯგალაძე.

საქმე ეხება BBC-ის საგამოძიებო მასალას, სადაც, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების თაღლითობაზე საუბარი.

"ბიბისი აიმ" დაადგინა ბიზნესმენების ჩრდილოვანი ქსელი, რომლებიც, როგორც ჩანს, თაღლითობის უკან დგანან. მათ შორის ერთ-ერთი, საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, დავით კეზერაშვილია.

ე.წ ქოლცენტრების თაღლითობის მსხვერპლი სხვადასხვა ასაკის ადამიანები გახდნენ, მათ შორის, პენსიონერებიც. როგორც ბრიტანული გამოცემა წერს, თაღლითობის პროცესში ზარები განხორციელდა საქართველოში დაფუძნებული სავარაუდო კრიპტოვალუტების სავაჭრო ფირმის “სოლო ქეფითალსის" ოფისებიდან.

დღის ამბები