15 ნოემბერი 2024,   06:12
ვრცლად
როდის უნდა შეწყდეს ჭკუის დარიგება მუდმივად ევროპის სხვადასხვა დედაქალაქიდან, როცა შეფარებული ჰყავთ კრიმინალი - გიორგი ცაგარეიშვილი კეზერაშვილზე

BBC-ის საგამოძიებო მასალასთან დაკავშირებით, სადაც ე.წ. ქოლცენტრების სქემის ორგანიზატორად დავით კეზერაშვილია დასახელებული, პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ცაგარეიშვილი აცხადებს, რომ "საინტერესოა, ახლა რას ფიქრობენ ფოტიგები და დანარჩენები ამ საკითხთან დაკავშირებით":

"უზნეობის პიკია, როდესაც ეს ადამიანები ერთი ხელით ევროკავშირის დროშას აფრიალებენ, ხოლო მეორე ხელით, ევროპელი პენსიონერების ჯიბეში იქექებიან და იქიდან ამოცლილი დოლარებით აფინანსებენ სახელმწიფო გადატრიალების არშემდგარ პროექტებს საქართველოში. შარშან იყო რეზოლუცია, სადაც ჩაიწერა, რომ თითქოს კეზერაშვილი დევნილია. "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა, რა თქმა უნდა, იმუშავეს EPP-სთან და მოახვედრეს ეს ფუჭი და გაუგებარი ჩანაწერი რეზოლუციაში. ახლა ძალიან მაინტერესებს ეს ფოტიგები და დანარჩენები რას ფიქრობენ ამაზე. მენტორული ტონით საუბარი და ჭკუის დარიგება მუდმივად ევროპის სხვადასხვა დედაქალაქიდან როდის უნდა დასრულდეს და შეწყდეს, როცა შეფარებული ჰყავთ კრიმინალი, რომელსაც არ უბრუნებენ საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას. იგი ძებნილია ჩვენი კანონმდებლობით,"- აღნიშნავს პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ცაგარეიშვილი.

საქმე ეხება BBC-ის საგამოძიებო მასალას, სადაც, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების თაღლითობაზე საუბარი.

"ბიბისი აიმ" დაადგინა ბიზნესმენების ჩრდილოვანი ქსელი, რომლებიც, როგორც ჩანს, თაღლითობის უკან დგანან. მათ შორის ერთ-ერთი, საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, დავით კეზერაშვილია.

ე.წ ქოლცენტრების თაღლითობის მსხვერპლი სხვადასხვა ასაკის ადამიანები გახდნენ, მათ შორის, პენსიონერებიც. როგორც ბრიტანული გამოცემა წერს, თაღლითობის პროცესში ზარები განხორციელდა საქართველოში დაფუძნებული სავარაუდო კრიპტოვალუტების სავაჭრო ფირმის “სოლო ქეფითალს“-ის ოფისებიდან.

დღის ამბები