BBC-ის მიერ გაშიფრული სქემით, ე.წ. ქოლ-ცენტრების დანაშაულებრივ საქმეში დავით კეზერაშვილთან ერთად მასთან დაკავშირებული რამდენიმე ქართული გვარი ფიგურირებს. ერთ-ერთი, მათ შორის, 40 წლის დავით თოდუაა. საერთაშორისო მედია მას "Milton group"-ის ერთ-ერთ დამფუძნებლად მოიხსენიებს. სწორედ ამ კომპანიას უკავშირდება ევროპის მასშტაბით ასეულობით მოქალაქის, მათ შორის, პენსიონერების გაძარცვა.
სოციალური მედიით ვიგებთ, რომ თოდუა ფლობს მდიდრულ ვილას ისრაელში, თელავივის მახლობლად, ცხოვრობს კვიპროსში და საქმიანობს კიევში. ის დავით კეზერაშვილთან ერთად უკრაინაში ფლობს სამშენებლო ბიზნესს. კომპანია "Project Partners"-ის აქციებს დავით თოდუა საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრთან ერთად ინაწილებს.
თოდუას მსგავსად, საცხოვრებელ ადგილად კვიპროსი აქვს მითითებული BBC-ის ჟურნალისტური გამოძიების კიდევ ერთ ფიგურანტს, ისრაელის მოქალაქე მიხაილ ბენიმინს. ის დავით კეზერაშვილის ბიძაშვილია და კანონთან პრობლემები სხვა რამდენიმე ქვეყანაშიც აქვს.
იგივე პიროვნება ფიგურირებს ალბანეთში დაწყებული გამოძიების საქმეში. ამ შემთხვევაშიც საუბარია ქოლცენტრების ქსელზე, რომლის ხელმძღვანელად ალბანურმა გამოძიებამ სწორედ მიხაილ ბენიმინი დაასახელა. მისი სახელი მოექცა ისრაელის პროკურატურის ყურადღების ცენტრშიც. მას პარტნიორებთან ერთად 11 მილიონ დოლარზე მეტი შემოსავლის დამალვას ედავებიან. ებრაული გამოძიების ინფორმაციით, ისრაელში დაფუძნებულმა კომპანიამ ეს თანხა კეზერაშვილის მინისტრობის დროს საქართველოს თავდაცვის უწყებიდან მიიღო, კონსულტაციებისა და შეიარაღების მიყიდვის სანაცვლოდ, შემოსავალი კი ისრაელის შესაბამის ორგანოებს დაუმალეს.
BBC-ის ჟურნალისტურ გამოძიებაში დავით კეზერაშვილის გარემოცვის წევრად არის მოხსენიებული ბიზნესმენი იოსებ მგელაძეც. თავდაცვის ყოფილ მინისტრთან და ე.წ. ქოლცენტრების დანაშაულებრივ სქემასთან კავშირში მისმა გვარმა გასულ წელსაც გაიჟღერა. სწორედ მის სახელზეა რეგისტრირებული ვაკეში, Axis Towers-ის შენობაში მდებარე ის ფართი, სადაც ქართველმა და გერმანელმა სამართალდამცველებმა გასული წლის ნოემბერში ერთობლივი ჩხრეკა ჩაატარეს და ქოლცენტრების ორგანიზებული ქსელი აღმოაჩინეს. თავად მგელაძე კეზერაშვილთან მეგობრობას არ უარყოფს, თუმცა უარყოფს ქოლცენტრებთან რაიმე კავშირს. საჯარო რეესტრის დოკუმენტებით ის წარსულში პირადად ხელმძღვანელობდა დავით კეზერაშვილის მიერ დაფუძნებულ კომპანიებს.
BBC-ის ჟურნალისტურ გამოძიებაში ფიგურირებს დავით კეზერაშვილთან დაკავშირებული კიდევ ორი ქართული გვარი – რატი ჭელიძე და გურამ გოგეშვილი. დოკუმენტებში მათი სახელი ნახსენებია, როგორც დირექტორი ან წამყვანი პირი Milton Group-თან დაკავშირებულ ოფშორულ ფირმებსა თუ შვილობილ კომპანიებში. ახლა ქოლცენტრების ტრანსნაციონალური დანაშაულზე გამოძიებების სერია ერთდროულად რამდენიმე ქვეყანაში მიმდინარეობს, მათ შორის ისრაელში, ალბანეთში, გერმანიასა და საქართველოში. პარალელურად, ქსელის სხვა ფიგურანტების გამოვლენას განაგრძობს საერთაშორისო მედია.