თავდაცვის მინისტრის დღევანდელი განცხადება და დავით კეზერაშვილის საქმე ოპოზიციაში შეაფასეს. "ნაციონალურ მოძრაობაში" აცხადებენ, რომ კეზერაშვილი შეკითხვებს პასუხებს თავად გასცემს.
"დავით კეზერაშვილი მიხედავს საკუთარ თავს, მით უმეტეს, თუ საზღვარგარეთ რაიმე გამოძიება იწარმოებს, ეჭვი მაქვს, რომ ყველაფერს გაეცემა პასუხი.
იმ სქემაში ნახსენები ადამიანები საქართველოში დღეს არიან "ქართული ოცნების" ბიზნესმოკავშირეები, სამეწარმეო საქმიანობასაც ეწევიან და საქართველოშიც გადაადგილდებიან აბსოლუტურად თავისუფლად, " - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა.
ენმ-ის კიდევ ერთი წევრის, დიმიტრი შაშკინის განცხადებით კი, "BBC-ის ფილმში ავტორი ხაზგასმით ამბობს, რომ დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ არანაირი მტკიცებულება არ არის." შაშკინი იმედოვნებს, რომ გამოძიება ყველაფერს კომპეტენტურ პასუხს გასცემს.
ცნობისთვის, თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილის პასუხისმგებლობაზე საუბრობს. ჯუანშერ ბურჭულაძე აცხადებს, რომ სახელმწიფოს ორგანიზებულად ძარცვის შემდეგ, კეზერაშვილმა უცხოელი პენსიონერების ძარცვა დაიწყო, ქართველმა სამართალდამცველებმა კი მჭიდროდ ითანამშრომლეს პარტნიორ ქვეყნებთან, რაც კონკრეტული შედეგით დასრულდა, ახლა უნდა გაირკვეს როგორ გაგრძელდება საგამოძიებო მოქმედებები.
შეგახსენებთ, რომ BBC-მ რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიების მასალები, სადაც გაშიფრულია ევროპელი პენსიონერების გაძარცვის სქემა, ხოლო თაღლითური სქემის ორგანიზატორად დავით კეზერაშვილია დასახელებული.