"ნაციონალურ მოძრაობაში" მიმდინარე დაპირისპირებას მმართველ გუნდში ეხმაურებიან.
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" სერიოზულ პოლიტიკასთან საერთო აღარაფერი აქვს.
"გვემუქრებოდნენ მთავრობის გადაყენებით და გადააყენეს საკუთარი პარტიის თავმჯდომარე, გვემუქრებოდნენ რიგგარეშე არჩევნებით და ჩაატარეს თავის პარტიაში რიგგარეშე არჩევნები. ჩვენ გვაკრიტიკებდნენ, რომ ოლიგარქი აფინანსებს თითქოს მთელ ხელისუფლებას და საქართველოს სახელმწიფოს, საბოლოო ჯამში აღმოჩნდა, რომ ოლიგარქი კეზერაშვილი აფინანსებს მათ პარტიასაც, მათთან დაკავშირებულ მედიასაც და ლობისტებსაც. ამიტომ, რა იქნება მორიგი პოლიტიკური ანეკდოტი ამ პარტიის მხრიდან, ალბათ ცხადია უკვე საზოგადოებისთვის. მელია გადააყენა ხაბეიშვილმა, შემდეგ სერიაში ხაბეიშვილს გადააყენებს მელია, შემდეგ სერიაში ისევ ალბათ ხაბეიშვილი გადააყენებს მელიას. ისინი რეალურად, თამაშობენ პოლიტიკურ აიწონა-დაიწონას და სერიოზულ პოლიტიკასთან მათ პარტიას უკვე კავშირი დაკარგული აქვს," - აცხადებს არჩილ თალაკვაძე.
ენმ-ში მიმდინარე დაპირისპირება შეაფასა საზოგადოებრივი მოძრაობის "ხალხის ძალა" წევრმა, ეკა სეფაშვილმა. მისი განცხადებით, მათ მხოლოდ პირადი ინტერესები და ძალაუფლების ხელში ჩაგდება აინტერესებთ.
"ეს შიდა დაპირისპირება სხვა არაფერია, თუ არა ხელისუფლებისათვის ბრძოლა. რეალურად, პარტია იქმნება იმისათვის, რომ მოსახლეობის გარკვეული ინტერესები წარმოაჩინოს და დაიცვას პარლამენტში სხვადასხვა პოლიტიკების გატარებისას. მათ ეს არ აინტერესებთ. მათ აინტერესებთ მხოლოდ პირადი გამორჩენა, ძალაუფლებისათვის ბრძოლა და სწორედ ამას ემსახურება მათი შიდა გარჩევები, რომ ვიღაცამ ენა არ იცის და სამი თვის შემდეგ გაახსენდათ, იგივე ვთქვათ, ხელისუფლება ვერ გაიყვეს, ახალი ოფისი გახსნეს და ა.შ. ეს ქართული პოლიტიკისათვის კარგია იმ გაგებით, რომ ისინი კარგავენ თავიანთი ამომრჩევლის ნდობას და რა თქმა უნდა, ამომრჩეველი გამონახავს სხვა პარტიას, სხვა წარმომადგენელს, რომელიც შეძლებს მისი ინტერესების დაცვას," - აცხადებს ეკა სეფაშვილი.