15 ნოემბერი 2024,   06:12
ვრცლად
დაპირისპირება "ნაციონალურ მოძრაობაში" - ვისთვის არის ხაბეიშვილი არალეგიტიმური თავმჯდომარე და დაინიშნება თუ არა "ენმ-ში ახალი არჩევნები

ინგლისური ენის საბაზისო ცოდნის დემონსტრირება ლევან ხაბეიშვილს დღეს იმის დასამტკიცებლად მოუხდა, რომ უცხო ენების არცოდნის გამო დავით კეზერაშვილი შეცვლას არ უპირებს. "ნაცმოძრაობის" ახლადარჩეულმა თავმჯდომარემ, ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით მელიას მომხრეებსაც უპასუხა. ხაბეიშვილმა აქაც ორიგინალურ ხერხს მიმართა და თქვა, რომ პარტიაში მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის გუნდი და მის მიერ მაღალი პროცენტით არჩეული თავმჯდომარე არსებობს. ახალი ოფისის გახსნა და დამოუკიდებელი პოლიტიკის კეთება კი ვისაც სურს - ლევან ხაბეიშვილი საკუთარი პარტიის შექმნას ურჩევს.

ინგლისურის არცოდნა, ლევან ხაბეიშვილის ყველაზე ნაკლებ პრობლემად მიაჩნია ნიკა მელიას გუნდს. თანაპარტიელები თავმჯდომარეს და მის მომხრეებს, ოფისის გამო კრიტიკის ნაცვლად, წინასაარჩევნო დაპირებების შესრულებისკენ მოუწოდებენ. მელიას თანამოაზრეების თქმით, თუ ხაბეიშვილი მიხეილ სააკაშვილის ციხიდან დახსნას ვერ შეძლებს, მისი ლეგიტიმაცია კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება.

კონკურენტ თანაპარტიელებს წაგებული არჩევნები და სეპარატიზმის წარუმატებელი მცდელობა შეახსენეს "ნაცმოძრაობის" ახალი მენეჯმენტის წარმომადგენლებმა. მოქმედი თავმჯდომარის მხარდამჭერებმა, ყოფილი წარსული საქმიანობის გამოც გააკრიტიკეს და ლიდერობის უნარებიც დაუწუნეს.

ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიაში მიმდინარე პროცესები დღეს ნაცმოძრაობიდან სულ ცოტა ხნის წინ წასულებმაც შეაფასეს. ხატია დეკანოიძემ დაპირისპირების მიზეზებზე დეტალურად არ ისაუბრა, თუმცა თქვა რომ "ბრალდებების ომი" პარტიის დაშლის წინაპირობაა.

ხაბეიშვილის ინგლისურის ცოდნა და სხვა უნარები, "ნაციონალებს" მისი სივიდან უნდა შეესწავლათ, - ასეთია მმართველი გუნდის პოზიცია, 3 თვის წინ არჩეული პირველი "ნაციონალის" შესაძლო გადარჩევის შესახებ. სახელისუფლებო პარტიაში ფიქრობენ, რომ "ნაცმოძრაობა" კომიკურ გაერთიანებად იქცა, რომლის დაშლაც ოპოზიციურ ველს მკვეთრად გააჯანსაღებს.

დაპირისპირების მორიგი რაუნდი, "ნაციონალურ მოძრაობაში" რამდენიმე დღის წინ დაიწყო. პარტიის ლიდერის გუნდმა ყოფილი თავმჯდომარის მომხრეები საკუთარი ოფისის გახსნის გამო სეპარატიზმში დაადანაშაულეს.

დღის ამბები