"ნაციონალურ მოძრაობაში" ახალი დაპირისპირების მიზეზი ჩნდება, ეს პოლიტსაბჭოს არჩევნებია, რომელიც ლევან ხაბეიშვილმა დააანონსა. პარტია 73 ოლქში შიდა პარტიულ არჩევნებს აანონსებს - უნდა აირჩიონ პოლიტსაბჭოს წევრები, რომლებიც ამავდროულად რეგიონული ორგანიზაციების ლიდერები იქნებიან, ამისთვის კი 30 აპრილამდე საორგანიზაციო ჯგუფი შეიქმნება.
"ინფრასტრუქტურა მზად არის იმისთვის, რომ დაპირებული არჩევნები ჩატარდეს, აბსოლუტურად ყველა მუნიციპალიტეტში, ვგულისხმობ ქალაქებს, რაიონებს და დედაქალაქს. საუბარია 73 საარჩევნო ე.წ. ოლქზე. კარი ასე ღია არასდროს არ ყოფილა. "ნაციონალურ მოძრაობაში” კარი ასე ღია არასდროს არ ყოფილა. თუ არსებობს მათი მხრიდან კონკრეტული წინადადებები, აბსოლუტური მზაობაა ამ წინადადების განხილვის. მნიშვნელოვანია ყველამ გაასწოროს სამიზნე და ჩამოვყალიბდეთ იმაზე, რომ უნდა ვებრძოლოთ ბიძინა ივანიშვილს და არა ვიყოთ ოპოზიციის ოპოზიცია,"- აცხადებს ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი.
"ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი ირაკლი ნადირაძის განცხადებით კი, თუ ვინმეს აქვს სურვილი იყოს პოლიტსაბჭოში, მათ არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა:
"თუ მათ უნდათ პარტიულ საქმიანობაში მონაწილეობის მიღება, ამ ადამიანების გარკვეული ნაწილი ისედაც ჩაწერილია პოლიტსაბჭოში, დანარჩენი, თუ ვინმეს აქვს სურვილი იყოს პოლიტსაბჭოში, მზად ვართ მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა, თუ ექნებათ ჩვენი მხარდამჭერების მხარდაჭერა, ისინიც გახდებიან პოლიტსაბჭოს წევრები. მე არ ვიცი რატომ არის ატეხილი ამხელა ამბავი ამაზე,"- აღნიშნავს "ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი ირაკლი ნადირაძე.
მელიას მხარდამჭერები კი ითხოვენ, რომ ან პოლიტსაბჭოს ყველა წევრი ხელახლა აირჩიონ, ან ძველი პოლიტსაბჭო დააბრუნონ.
"ნაციონალური მოძრაობის” წევრი ბაჩო დოლიძე აცხადებს, რომ თუკი ყველა პოლიტსაბჭოს წევრი არ იქნება არჩეული, სხვა შემთხვევაში ეს პარტიის მიტაცება იქნება.
"ის რაც გააკეთეს პოლიტსაბჭოსთან მიმართებაში, რა თქმა უნდა, ეს არის პარტიის მიტაცება,"- აცხადებს ბაჩო დოლიძე.