"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე 73 ოლქში პარტიის პოლიტსაბჭოსა და რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეობის არჩევნებს აანონსებს. გადაწყვეტილებას წინ ნიკა მელიას მომხრეების მწვავე განცხადებები უძღოდა. საუბარი იყო ხაბეიშვილის ლეგიტიმაციის ეჭვქვეშ დაყენებაზეც, თუმცა თავად პარტიის ახალი ლიდერი, ამას კატეგორიულად გამორიცხავს. ლევან ხაბეიშვილმა, დღეს, დამოუკიდებელ ოფისში გადასულ თანაპარტიელებს, ოპოზიციაში ყოფნის ნაცვლად რეალური საქმის კეთება ურჩია.
სტატუს ქვოს აღსადგენად, ნიკა მელიას გუნდისთვის პოლიტიკური საბჭოს 73 წევრის არჩევა საკმარისი არ არის. ყოფილი თავმჯდომარის ფლანგი ძველი პოლიტსაბჭოს აღდგენას ითხოვს. ხაბეიშვილს 250 კაციანი ყრილობის მიერ, პარტიის გამგეობის 50 წევრის დანიშვნას კი "ნაციონალური მოძრაობის" მიტაცების მცდელობას უწოდებს. თუ თავმჯდომარე პროცესების დეესკალაციის ნაცვლად, არჩეულ გეზს განაგრძობს, მაშინ პოლიტიკოსები არც იმას გამორიცხავენ, რომ ნაცმოძრაობაში მორიგი შიდა ამბოხი ვიხილოთ.
მელიას კადრების ჩამოშორება და რეგიონულ ორგანიზაციების სათავეებიდან ჩამოშორება - ეს კიდევ ერთი ბრალდებაა, რომელიც ლევან ხაბეიშვილს უკვე აჭარის ორგანიზაციიდან წაუყენეს. ბათუმის საკრებულოს ოპოზიციური ფრაქციის თავმჯდომარე ჰყვება, რომ მასთან ზარები პირადად ხაბეიშვილის სახელით ხორციელდება. ნოდარ დუმბაძის თქმით, ახალი მენეჯმენტი მას თანამდებობიდან დაუყოვნებლივ წასვლას სთხოვს.
აჭარიდან გაჟღერებულ ბრალდებებზე საუბარი დღეს თავად ლევან ხაბეიშვილმა არ ისურვა. რეგიონული ორგანიზაციის ერთ-ერთ ლიდერის განცხადებებს სამწუხარო უწოდა ირაკლი ნადირაძემ. ახალი მენეჯმენტის წარმომადგენელი, რომელიც პარტიული ოპონენტების მოქმედებას სუს-ის ტაქტიკასთან აიგივებდა ამბობს, რომ მალე ყველაფერს ახალი არჩევნები გადაწყვეტს.
ოპოზიციურ ფლანგზე მიმდინარე პროცესები მოსწონთ მმართველ გუნდში. საპარლამენტო უმრავლესობაში, ნაცმოძრაობის მხრიდან რეალური სახის დემონსტრირებაზე საუბრობენ. ამბობენ, რომ ამ დაპირისპირებამ შესაძლოა გზა ჯანსაღ ოპოზიციურ ძალებს გაუხსნას.
"ნაციონალურ მოძრაობაში" დაპირისპირების მორიგი ფაზა, თითქმის ერთი კვირის წინ დაიწყო. ყოფილი თავმჯდომარის მომხრეებმა ახალს პრეტენზიები ღიად წაუყენეს და დამოუკიდებელი პარტიული ოფისიც იქირავეს, რაც ხაბეიშვილის გუნდში სეპარატიზმად შეფასდა.