20 მაისი 2024,   19:32
ვრცლად
ხვალ არის მათთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი დღესასწაული და ყველა მხარე მოლოდინშია, რომ ამ დღესასწაულთან დაკავშირებით მხარეები შეთანხმდებიან და შეწყვეტენ ცეცხლს - ავიაკომპანია "ჯეო სქაის" გენერალური დირექტორი

როდის შეძლებს სუდანში დარჩენილი საქართველოს 33 მოქალაქე სამშობლოში დაბრუნდებას - ამ კითხვაზე კონკრეტული პასუხის გაცემა ქვეყანაში განვითარებული პროცესების გამო კვლავ ვერ ხერხდება.

უკვე მეექვსე დღეა სუდანში სროლის ხმა ისმის. მსოფლიო დაპირისპირებული მხარეებისგან შეთანხმების შესრულებას და ჰუმანიტარული დერეფნის გახსნას ამ დრომდე უშედეგოდ ელოდება. მორატორიუმმა მხოლოდ რამდენიმე საათი იმუშავა.

დასტურდება 300-მდე ადამიანის დაღუპვა - მათგან უმეტესობა მშვიდობიანი მოქალაქეა. დაშავებულია დაახლოებით 2 600.

48 საათში მხარეების მიერ ორჯერ დადებული ზავი უშედეგოდ დასრულდა, ორივე მხარის მიერ ორჯერ გაიხსნა ცეცხლი, შედეგად კი სუდანში კვლავ გრძელდება შეტაკებები და ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაცია შეუძლებელია.

მათ შორის არის საქართველოს 33 მოქალაქე, რომლებიც ხართუმის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოდ იმყოფებიან, თუმცა მათი ევაკუაცია ჰუმანიტარული დერეფნის არარსებობის გამო ამ დრომდე ვერ ხერხდება.

სწორედ ჰუმანიტარული დერეფნის გახსნას ელოდება საქართველოს საგარეო სამინისტრო და ქართველების დამსაქმებელი კომპანიები. ისინი მოლაპარაკებებს აწარმოებენ იმისთვის, რომ დროულად მოახერხონ საქართველოს 33-ივე მოქალაქის სუდანის ტერიტორიიდან გამოყვანა.

"მუდმივ კომუნიკაციაში ვიმყოფებით საქართველოს მოქალაქეებთან, რომლებიც არიან სუდანში, ძირითადად დედაქალაქში, ხართუმში. შესაძლებლობის ფარგლებში ცდილობთ მოვამარაგოთ ისინი წყლით, სურსათით და დიზელით, რაც საკმაოდ გართულებული არის, მაგრამ მაინც ხერხდება. ვაგრძელებთ მდგომარეობის მონიტორინგს და მუშაობას ჩვენს პარტნიორებთან ერთად. პირველივე შესაძლებლობა როგორც კი გაჩნდება, ჩვენ ვიმოქმედებთ ამ შესაძლებლობების ფარგლებში, რომ ჩვენი მოქალაქეების ევაკუაცია მოვახდინოთ," - აცხადებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი.

ორი ავიაკომპანიის თანამშრომლები მოლოდინის რეჟიმში არიან. მათ ევაკუაციას, საგარეო საქმეთა სამინისტროს დახმარებით, ავიაკომპანიები "მაი ვეი" და "ჯეოსქაი" ცდილობენ.

"ერთადერთი რისი იმედიც გვაქვს, როგორც ვიცით დღეს მთავრდება მუსლიმანური სამყაროსთვის დიდი მარხვა რამადანი, ხვალ არის მათთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი დღესასწაული და ყველა მხარე იმის მოლოდინშია, რომ ამ დღესასწაულთან დაკავშირებით ალბათ მხარეები შეთანხმდებიან და შეწყვეტენ ცეცხლს. ასევე ველოდებით საგარეო საქმეთა სამინისტროდან გაეროსა და სხვა ქვეყნების ჩართულობით იქნებ დღესვე მოხდეს რამენაირად შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე. როგორც კი შეტყობინება გვექნება ჩვენ მზად ვართ დავიწყოთ ევაკუაციის პროცედურები," – აცხადებს ავიაკომპანია "ჯეო სქაის" გენერალური დირექტორი შალვა კიკნაძე.

დღის ამბები