ჩვენ აქ ვართ იმისთვის, რომ მხარი დავუჭიროთ როგორც ხელისუფლების, ასევე საზოგადოების მცდელობებს, რადგან ვხედავთ, რომ ევროპული ღირებულებები ძალიან მნიშვნელოვანია - ამის შესახებ ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა, ნატალია ვუტოვამ განაცხადა.
ამასთან, "პარტნიორობა კარგი მმართველობისთვის" - ევროკავშირის წარმომადგენლობა და ევროპის საბჭო ახალ პროექტებს იწყებენ. პროექტის მიზანია, დაეხმაროს ხელისუფლებას მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის გაძლიერებასა და სასამართლოს მენეჯმენტის მოდერნიზაციაში, მხარი დაუჭიროს სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლას.
"საქართველო არის ევროპის საბჭოს წევრი 20 წელზე მეტია. არსებობს ევროპის ადამიანის უფლებების სასამართლოს გადაწყვეტილებები საქართველოს შესახებ, რომლის გათვალისწინებაც უნდა მოხდეს. ასევე უნდა იქნას გათვალისწინებული ვენეციის კომისიისა და ევროპის საბჭოს სხვა სადამკვირვებლო ორგანიზაციების დასკვნები, რომელშიც მოცემულია, როგორ უნდა განხორციელდეს რეფორმები და რაც ყველაზე მთავარია, ევროპის საბჭო აქ არის იმისთვის, რომ დაუჭიროს მხარი საქართველოს ამ მცდელობებში, რათა დავრწმუნდეთ, რომ ევროპული ღირებულებები საზოგადოების ნაწილია და მთელი სისტემა აგებულია ამ ღირებულებებზე.
ჩვენ აქ ვართ იმისთვის, რომ მხარი დავუჭიროთ როგორც ხელისუფლების, ასევე საზოგადოების მცდელობებს, რადგან ვხედავთ, რომ ევროპული ღირებულებები ძალიან მნიშვნელოვანია. მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი გქონდეს რეალურად აყვავებული ქვეყანა, თუკი ის აგებულია დემოკრატიაზე, ადამიანის უფლებებსა და კანონის უზენაესობაზე," - განაცხადა ნატალია ვუტოვამ.