15 ნოემბერი 2024,   06:09
ვრცლად
საკუთარი გარემოცვის უახლოესი წევრი გაწირეს, რომ ისრები გადმოეტანათ "ქართული ოცნების" ერთ-ერთ ღირსეულ ლიდერზე - რატი იონათამიშვილი  ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე

ისრების გადატანის მცდელობა კეზერაშვილიდან ხელისუფლებაზე, - ასე აფასებს მმართველი გუნდი ოპოზიციის ბრალდებებს, რომლებიც ქოლცენტრების საქმიანობის ხელისუფლებასთან დაკავშირებას ცდილობენ. "ოცნებაში" აცხადებენ, რომ რატი ალექსიძე, რომელიც დაკავებულია, რეალურად დავით კეზერაშვილის გარემოცვის წევრია. საპირისპირო პოზიცია აქვს "ნაციონალურ მოძრაობას".

"ჯერ BBC მიუახლოვდა კეზერაშვილის დანაშაულებრივი სინდიკატის კვალს და ახლა უკვე სკოტლანდიარდი და როგორც ჩანს, ძალიან დიდი საფრთხე იგრძნეს და იკადრეს უკადრებელი, როდესაც საკუთარი გარემოცვის უახლოესი წევრი გაწირეს, რომ ისრები გადმოეტანათ "ქართული ოცნების" ერთ-ერთ ღირსეულ ლიდერზე. ამით, მათ რეალურად საკუთარ ამორალურ ბუნებას გაუსვეს ხაზი. ფაქტობრივად არ დარჩა არავინ, ვინც არ იცის და არ არის გარკვეული ამ ადამიანების კრიმინალურ წარსულში და აწმყოში. ეს კიდევ ერთხელ დასაფიქრებელია, ვინაიდან ნებისმიერი, ვინც დღეს მათ იცავს, ავტომატურად ხდება მათი კრიმინალური თანხების ბენეფიციარი", - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის, "ანტიკორუფციული მოძრაობის" თავმჯდომარის ვასო ურუშაძის განცხადებით, წარმოუდგენელია, ქვეყანას ერთდროულად სურდეს ევროკავშირში ინტეგრაცია, ევროპული ოჯახის წევრობა და ამავდროულად იყოს ეპიცენტრი ტრანსნაციონალური დანაშაულის, საიდანაც ევროპის მოქალაქეების ძარცვა ხდება.

"გვქონდა არაერთი მხილების კამპანია, სხვადასხვა ადვოკატირების კამპანია, ოფიციალურად მივმართავდით პროკურატურას, შსს-ს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, რომ დაწყებულიყო გამოძიება მფარველობის ნაწილში. ჩვენ გვაქვს მკაფიო მიზანი და ამოცანა, რომ საქართველოში ეს დანაშაული აღიკვეთოს. წარმოუდგენელია, ქვეყანას ერთდროულად სურდეს ევროკავშირში ინტეგრაცია, ევროპული ოჯახის წევრობა და ამავდროულად იყოს ეპიცენტრი, ტრანსნაციონალური დანაშაულის, საიდანაც ხდება ევროპის მოქალაქეების ძარცვა", - განაცხადა ვასო ურუშაძემ.

დღის ამბები