საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, მონტენეგროს პარლამენტის პრეზიდენტს შეხვდა.
"ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა მონტენეგროს პარლამენტის პრეზიდენტ დანიელა ჯუროვიჩთან.
შეხვედრაზე ხაზი გავუსვი საქართველოსა და მონტენეგროს შორის მეგობრულ კავშირებს, რომლებიც გამყარებულია ევროკავშირში გაწევრიანების საერთო მიზნით.
მხარეებმა გამოვხატეთ პარლამენტებს შორის კავშირების გაძლიერების მზაობა, მათ შორის კომიტეტების დონეზე. აღვნიშნეთ, რომ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე გამოცდილების გაზიარება ორივე ქვეყანას წაადგება.
აღვნიშნე , რომ საქართველო წარმატებით ახორციელებს ევროკავშირის 12 რეკომენდაციას და იმედი გამოვთქვი, რომ წლის ბოლოს ევროკავშირი მიანიჭებს საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსს.
დანიელა ჯუროვიჩმა ისაუბრა მონტენეგროს გამოწვევებსა და მიღწევებზე ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე და აღნიშნა, რომ მზად არის, გაუზიაროს თავისი გამოცდილება საქართველოს. მან, ასევე, ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ მონტენეგრო გააგრძელებს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში საქართველოს გაწევრიანების მხარდაჭერას,"- წერს შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.