15 ნოემბერი 2024,   05:52
ვრცლად
რა კავშირი აქვთ ქოლცენტრების საქმესთან ელისო კილაძეს, ვალერი გელბახიანს და გივი ჯიბლაძეს - "ქრონიკა პლიუსის" რედაქტორი თვლის, რომ ის დავით კეზერაშვილმა დაასმინა

დავით კეზერაშვილის შემდეგ, თბილისში მოქმედი ერთ-ერთი ქოლცენტრის მეპატრონეებად, ელისო კილაძე, ვალერი გელბახიანი და გივი ჯიბლაძე დასახელდნენ - ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო "ონგოუ.ჯი" ავრცელებს. სააგენტოს მტკიცებით, ფანჯიკიძის პირველ ნომერში, სადაც "ქრონიკა პლიუსის" რედაქცია ფუნქციონირებს, ოპერატიული შეტყობინების საფუძველზე 2 დღის წინ ჩხრეკა ჩატარდა.

სამართალდამცველები ბიზნესცენტრის მეოთხე და მეხუთე სართულებზე შევიდნენ, სადაც მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის ვალერი გელბახიანის და კომპანია "სვეტის" დირექტორის გივი ჯიბლაძის ოფისებია განთავსებული.

ორივე სართული ამ დროისთვის დალუქულია, 70-მდე პროცესორი და სხვა კომპიუტერული ტექნიკა კი ექსპერტიზაზეა გადატანილი. სააგენტოს ცნობით, ქოლცენტრების საქმიანობაში კილაძესთან ერთად წარსულში შსს-ს პრესცენტრის ხელმძღვანელი გურამ დონაძეც მონაწილეობს.

გავრცელებულ ინფორმაციას თავად "ქრონიკა პლიუსის" რედაქტორი დავით კეზერაშვილის შურისძიებას უკავშირებს. არ უარყოფს კავშირს გელბახიანთან და ჯიბლაძესთან, თუმცა ამტკიცებს, რომ კეზერაშვილის მოქმედება იმ საგამოძიებო მასალას უკავშირდება, რომელსაც  თავდაცვის ყოფილ მინისტრზე ამზადებს.

ელისო კილაძისგან განსხვავებით, დღეს კამერებთან გივი ჯიბლაძე არ გამოჩენილა. ჯიბლაძე 2018 წელს სამშენებლო კომპანია "სვეტის" საქმეზე თაღლითობისთვის დააკავეს და გაასამართლეს. მაშინ გამოძიებამ დაადგინა, რომ ჯიბლაძემ ასობით მოქალაქის მიერ მშენებარე საცხოვრებელ კორპუსში ბინების შესაძენად შეტანილი თანხა უკანონოდ მიითვისა, საუბარია თითქმის 3.5 მილიონ ლარზე. "სვეტის" ყოფილი ხელმძღვანელი დღეს ბიზნესცენტრში არსებულ კომპანია "ნომადაუს" ფლობს, რომლის ოფისიც ორი დღის წინ დალუქეს. "ნომადაუს" დირექტორი, თორნიკე ჯანელიძე ამტკიცებს, რომ კომპანია ტურისტულ საქმიანობას ეწევა და ათეულობით კომპიუტერს იქ დასაქმებული 30-მდე თანამშრომელი იყენებს.

ქოლცენტრებთან კავშირს უარყოფს ვალერი გელბახიანიც. ექსპრეზიდენტ სააკაშვილის ადვოკატს, იმის დამადასტურებლად, რომ დამატებითი შემოსავალი არ გააჩნია, მის მფლობელობაში არსებული ძველი ავტომობილი მოჰყავს. გელბახიანი მომხდარს პროვოკაციად აფასებს.

სააგენტო, რომელმაც დღეს ქოლცენტერბთან დაკავშირებით ვრცელი სტატია გამოაქვეყნა, ელისო კილაძის ქონებაზეც წერს. 100 000 დოლარად შეფასებული "ტოიოტა ლენდკრუიზერი", სახლები თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში და ძვირადღირებული მოგზაურობები საზღვარგარეთ. ჩამოთვლილი ქონებიდან, ერთადერთი, რომელსაც თავად კილაძე უარყოფს - ბათუმის ბინაა.

ფუნქციონირებდა თუ არა ქოლცენტრი იქ, სადაც ორი დღის წინ საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა - ამ კითხვაზე პასუხი ფანჯიკიძის პირველი ნომრიდან ამოღებული კომპიუტერების შესწავლის შემდეგ გახდება ცნობილი.

დღის ამბები