15 ნოემბერი 2024,   06:19
ვრცლად
პრემიერის შეხვედრები ბრიუსელში - რა გზავნილები დატოვა და მიიღო ქართულმა დელეგაციამ ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქში

საქართველოს შეუძლია ჰქონდეს ნატოს იმედი - ეს გზავნილი იენს სტოლტენბერგმა ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე გაახმოვანა. ნატოს გენერალურმა მდივანმა ალიანსის წევრების სახელით კიდევ ერთხელ გამოხატა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა. იენს სტოლტენბერგი ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს მიესალმება და ნატო-

საქართველოს სამომავლო პარტნიორობის მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას.

პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნატო-საქართველოს თანამშრომლობა ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს პროგრესი და მისი მისწრაფება სათანადოდ იქნება ასახული ალიანსის შემდგომ გადაწყვეტილებებში როგორც ქვეყნის პოლიტიკური მხარდაჭერის, ისე პრაქტიკული შესაძლებლობების გაძლიერების თვალსაზრისით. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველო, როგორც ნატოს ასპირანტი ქვეყანა, ყოველთვის იყო ალიანსის ერთ-ერთი ყველაზე სანდო და ქმედუნარიანი პარტნიორი, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა საერთო-ევროატლანტიკური უსაფრთხოების განმტკიცებაში.

იენს სტოლტენბერგმა და ირაკლი ღარიბაშვილმა, შეხვედრის მიმდინარეობისას უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებებიც განიხილეს. ითქვა, რომ რეგიონში მშვიდობის დამყარებას ალტერნატივა არ აქვს. მხარეებმა ასევე ისაუბრეს შავი ზღვის უსაფრთხოების მნიშვნელობასა და ამ კუთხით საქართველოს როლზე.

ნატოს გენერალურ მდივანთან შეხვედრას პრემიერი სოციალური ქსელით გამოეხმაურა. ირაკლი ღარიბაშვილი "ტვიტერში" წერს რომ საქართველო და ნატო ერთმანეთის საიმედო პარტნიორები არიან.

ნატოს გენერალური მდივნის მსგავსად ირაკლი ღარიბაშვილს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმაც უმასპინძლა. შარლ მიშელთან შეხვედრა ორ საათზე მეტხანს გაგრძელდა. ირაკლი ღარიბაშვილმა და შარლ მიშელმა საქართველო ევროკავშირის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებაზე პირისპირ და გაფართოებული შეხვედრების ფორმატში ისაუბრეს. ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, საქართველოს მთავრობის მეთაურმა გაუზიარა ევროკომისიის 12 პრიორიტეტის შესრულების მიმართულებით გაწეული ძალისხმევა და აღნიშნა, რომ ამ პროცესში ხელისუფლება მუდმივ კონსულტაციებს მართავს ევროკავშირის ინსტიტუტებთან და წევრ ქვეყნებთან, აგრეთვე ვენეციის კომისიასთან და ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისთან.

პრემიერ-მინისტრმა განსაკუთრებით გაამახვილა ყურადღება წლის ბოლოს საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობაზე. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, რეკომენდაციების დიდი ნაწილი შესრულებულია და მიღწეული პროგრესის შესაბამისად, წლის ბოლოს საქართველო კანდიდატის სტატუსს იმსახურებს. პრემიერმა აღნიშნა, რომ ასოცირების ხელშეკრულება, ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება, უვიზო მიმოსვლა და ევროპული პერსპექტივის მონიჭება, ეს არის ის პროგრესი, რომელსაც საქართველომ დღევანდელი ხელისუფლების პირობებში ევროინტეგრაციის გზაზე მიაღწია. ევროკავშირი, რომ საქართველოს ევროპული პერსპექტივის მხარდამჭერად რჩება - ეს შარლ მიშელმა სოციალური ქსელის საშუალებითაც დააფიქსირა.

"ნატოში და ევროკავშირში გამართული შეხვედრები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველო ევროპისთვის ერთგული და სანდო პარტნიორია" - ასე შეაფასა პრემიერ მინისტრის ვიზიტი საგარეო საქმეთა მინისტრმა. ილია დარჩიაშვილმა აღნიშნა, რომ საერთაშორისო პარტნიორების თანადგომით, საქართველო დემოკრატიულ განვითარებას შეუფერხებლად განაგრძობს.

ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით ქართული დელეგაციის წევრებმა ბრიუსელში ორმხრივი შეხვედრები დღეს დაასრულა.

დღის ამბები