"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი განმარტავს, რომ პარტიის წევრების საკრებულოს "მომლოდინეთა სიიდან" ამოღება განპირობებულია ამ კონკრეტული პირების მხრიდან პარტიის ლანძღვით. მისივე თქმით, ის, როგორც "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ამას არ დაუშვებს.
"ჯერ, საზოგადოებამ ძალიან კარგად უნდა იცოდეს, რომ საკრებულოს წევრი ეს კონკრეტული ადამიანი არ ყოფილა, იყო მომლოდინეთა სიაში და როცა "ნაციონალურ მოძრაობას" ლანძღავ, ცხადია, ასე მოხდება. ყველამ ძალიან კარგად უნდა გაიგოს და იცოდეს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" არ აპირებს მისი სიით ადამიანები საკრებულოში შევიდნენ, ან მომავალში პარლამენტში, ან სადმე და მერე "ნაციონალური მოძრაობა" ლანძღონ. მე, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე პასუხისმგებლობით ვეკიდები ჩვენი ამომრჩევლის ნებას, ამიტომ, დაივიწყეთ მეგობრებო, "ნაციონალური მოძრაობის" ლანძღვა და მერე მისი სიით სადმე შესვლა და წარმომადგენლობა, აღარ იქნება ამ პარტიაში,"-აცხადებს ლევან ხაბეიშვილი.
ლევან ბეჟაშვილი თანაპარტიელებს მოუწოდებს "გამოვიდნენ საარჩევნო რეჟიმიდან" და არჩევნების შემდეგ დამდგარ რეალობას შეეგუონ. "მოვუწოდებ ყველას, გამოვიდნენ საარჩევნო რეჟიმიდან - არჩევნები დამთავრდა, პარტიაში გადაწყვეტილებები პარტიის აქტივმა 22 ათასი ადამიანის მხარდაჭერით უკვე მიიღო, ამიტომ მოუწევთ ამ გადაწყვეტილებებთან შეგუება. ყოველდღიურ რეჟიმში თავის მართლება და ა.შ. მიუღებელია - პარტიას აქვს ერთიანი პოზიცია, პარტიის გადაწყვეტილება უკვე შესაბამისადაა დარეგისტრირებული და მოქმედებს. ვიღაცას შეიძლება აწყობს, რომ მუდმივად შექმნას ილუზია, თითქოს "ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" დაპირისპირებაა, პარტია იყოფა და ა.შ. ყველა ეს ილუზია არის მცდარი,"- აცხადებს ლევან ბეჟაშვილი.
ლევან ხაბეიშვილს ნიკა მელიას ფრთა ბათუმიდან პასუხობს. "უკანასკნელი მატყუარა" - ასე უწოდეს პარტიის თავმჯდომარეს აჭარიდან და მტკიცებულებების წარდგენა მოსთხოვეს.
ავტორი: ანუკა ბუავა