15 ნოემბერი 2024,   06:37
ვრცლად
ვისაუბრე 12 პუნქტის მიმართულებით გატარებულ რეფორმებზე - ილია დარჩიაშვილი პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოშია. ზბიგნევ რაუ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა.

შეხვედრა ჯერ პირისპირ, შემდეგ კი გაფართოებულ ფორმატში გაიმართა. მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ მხარეებმა მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გააკეთეს.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ილია დარჩიაშვილმა განაცხადა, შეხვედრაზე აქცენტები გაკეთდა საქართველოსთვის EU-ის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე და ამ მიმართულებით 12 რეკომენდაციის შესრულებაზე.

დარჩიაშვილი ამბობს, რომ საუბრის ერთ-ერთი თემა იყო უკრაინაში მიმდინარე ომი. მისი თქმით, მინისტრს გააცნო "კონკრეტული ნაბიჯები, რომლებიც გადადგა საქართველომ უკრაინელების მხარდასაჭერად".

"საუბრისას ჩვენ აქცენტები გავაკეთეთ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ, რა საკითხიც ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რათა საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, ეს არის ჩვენი ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი და სწორედ ამ თანამშრომლობის ფარგლებში ვისაუბრეთ, როგორ მოვახდინოთ მეტად ჩვენი მეგობრების მხარდაჭერა და მობილიზება ამ მიმართულებით. ბატონ მინისტრთან მქონდა შესაძლებლობა, მესაუბრა, რა გააკეთა საქართველომ 12 პრიორიტეტის მიმართულებით, თუ რა რეფორმები გატარდა, ძირითადი ნაწილი ვიცით რომ შესრულებულია და ჩვენ ვაგრძელებთ აქტიურ მუშაობას, რათა ეს პრიორიტეტები დავხუროთ, შევასრულოთ ვალდებულებები და საქართველომ წლის ბოლოს მიიღოს კანდიდატის სტატუსი, რომელიც ჩვენთვის ესოდენ მნიშვნელოვანია.

ჩვენ შევეხეთ უკრაინაში მიმდინარე ომს, რუსეთის აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ. მე გავუზიარე ბატონ მინისტრს ის კონკრეტული ნაბიჯები, რომლებიც გადავდგით უკრაინის, უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად და ვისაუბრეთ იმ თანამშრომლობაზე, მხარდაჭერაზე, რომელიც საქართველომ განახორციელა უკრაინის მისამართით. ვისაუბრეთ მომავალში ჩვენს ახლო კოორდინაციაზე ამ მიმართულებით. ორმხრივი ურთიერთობები ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, ფასეულია და ვიმსჯელეთ, გავაგრძელებთ მსჯელობას, როგორ შევქმნათ ახალი შესაძლებლობები ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებში იმისთვის, რომ კიდევ უფრო გავაძლიეროთ და დავაახლოოთ ჩვენი ორი ქვეყანა ამ მიმართულებით. ვფიქრობ, რომ ბევრია კიდევ გასაკეთებელი ეკონომიკური თანამშრომლობის მიმართულებით, ამაზეც ვისაუბრეთ და მომავალშიც გავაგრძელებთ მსჯელობას, როგორ მოვახდინოთ ორი ქვეყნის ეკონომიკური თანამშრომლობა და ამისთვის გადავდგამთ კონკრეტულ ნაბიჯებს", - თქვა დარჩიაშვილმა.

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს დღეს ეწვია. მისი ვიზიტი ქვეყანაში 28 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება.

ზბიგნევ რაუ საგარეო საქმეთა მინისტრის გარდა, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და პრემიერ მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსაც შეხვდება.

მისი თქმით, ქართველი ხალხი და საქართველო პოლონეთში დიდ სიმპათიას იმსახურებდა.

"მინდა დიდი მადლობა გადაუხადო ბატონ მინისტრს ილია დარჩიაშვილს სამუშაო ვიზიტით მოწვევისთვის საქართველოში და მსოფლიოში ცნობილი ქართული მასპინძლობის გაწევისთვის. საქართველო და ქართული საზოგადოება ტრადიციულად დიდი სიმპათიით სარგებლობს პოლონეთში, სიმპათია, რომელიც ჩამოყალიბდა ჯერ კიდევ ჩვენი ქვეყნების დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის პერიოდში და ასევე რუსეთის იმპერიალიზმის წინააღმდეგ ერთობლივი წინააღმდეგობის გაწევისას, რომლის მსხვერპლი არის დღეს უკრაინა, 2008 წელს კი იყო საქართველო. პოლონეთი ყოველთვის ერთმნიშვნელოვნად მხარს უჭერდა საქართველოს საზოგადოების მისწრაფებას, რომ ჰქონოდა დამოუკიდებლობა, თავისუფლება და მშვიდობა და ასევე სუვერენული უფლება განვითარების მოდელის, ალიანსისა და ინტეგრაციული ინსტიტუტის არჩევის,"- აცხადებს ზბინგევ რაუ.

დღის ამბები