რესპუბლიკის მოედანზე მოქალაქეები არიან შეკრებილები. ერთ საათში "უცნობის" მიერ დაანონსებული აქცია იწყება. აქციის სლოგანია "არა ომს - მშვიდობა ჩვენს ქვეყანას".
მანამდე შეკრებილები ხვიჩა კვარაცხელიას გულშემატკივრობენ და დიდ მონიტორზე ნაპოლი-სალერმიტანას მატჩს უყურებენ.
"ამ აქციის გვინდა გამოვხატოთ ჩვენი ურყევი ნება, რომ ვართ სუვერენული ქვეყანა, გვინდა მშვიდობა, გვინდა ევროპული ღირებულებები, ოღონდ გვინდა თანასწორუფლებიანი მეგობრობა ევროპასთანაც და დანარჩენ მსოფლიოსთანაც. ჩვენ ჩვენი მშვიდობით გვინდა დავიბრუნოთ დაკარგული ტერიტორიები და გვინდა რომ ისე, როგორც არასდროს, ხალხის ხმა ესმოდეს პოლიტიკოსებს,"- აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე ზურა ხაჩიძე.
სამოქალაქო აქტივისტის, ვაკა გორგილაძის განცხადებით, აქციის მიზანია იმის აღნიშვნა, რომ ქვეყნის განვითარებისთვის მთავარი პირობა მშვიდობა და სტაბილურობაა.
"ამ აქციის მიზანია, რომ კიდევ ერთხელ ვუთხრათ ყველას - პოლიტიკურ პარტიებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, მოსახლეობას, რომ მთავარი პირობა ქვეყნის განვითარებისთვის არის მშვიდობიანი ვითარება, მშვიდობა, რომ ამ პრობლემების გადაწყვეტას, რომელიც უამრავი დგას ქვეყნის წინაშე, სჭირდება სტაბილური ვითარება ქვეყანაში, ამის სათქმელად ვართ მოსულები," - აცხადებს ვაკა გორგილაძე.
კონსერვატიული საინფორმაციო ანალიტიკური პორტალის "საქართველო უპირველეს ყოვლისა" დამფუძნებლის, ვატო შაქარაშვილის განცხადებით, ჩვენი ქვეყნის ბედი უნდა გადაწყდეს საქართველოში და არა რომელიმე სხვა ქვეყანაში.
"ამაღლებული განწყობაა მიუხედავად ამინდისა, იმიტომ, რომ აქ საზოგადოება არის მოსული საკუთარი ქვეყნის დასაცავად, იმისათვის, რომმ კიდევ ერთხელ გააგონოს ხმა ყველას ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ, რომ საქართველოს ბედი ვერ გადაწყდება ვერც ვაშინგტონში, ვერც მოსკოვში, ვერც ბრიუსელში და ვერც კიევში, საქართველოს ბედი გადაწყდება თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, თელავში, ახალციხეში და საქართველოს ბედი გადაწყდება აქ, საქართველოში,"-აცხადებს ვატო შაქარაშვილი.