ლაზარე გრიგორიადისის გათავისუფლების მოთხოვნით და მის მხარდასაჭერად, ოპოზიციის და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები უკვე 2 საათზე მეტია სასამართლოს ეზოში აქციას მართავენ.
აქციაზე იმყოფება პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილიც, რომელიც ამბობს, რომ ლაზარე გრიგორიადისის წინასწარ პატიმრობაში დასატოვებლად არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
"ლაზარეს პატიმრობაში ყოფნის არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს. ადამიანს წინასწარ პატიმრობაში ტოვებენ მაშინ, როცა მოწმეზე შეუძლია ზეგავლენა, ან რაიმე მტკიცებულების გაქრობა ან გაქცევა. ამ სამიდან ლაზარეს არცერთი შეუძლია. განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელს რომ ზეწოლის ქვეშ ვერ ამყოფებს ლაზარე, ამას საზოგადოება კარგად ხვდება.
ასევე, რაიმე მტკიცებულების გაქრობაც რომ არ შეუძლია 21 წლის ლაზარეს, ესეც კარგად ვიცით და ასევე, ცხადია, საზღვრების კონტროლი შეუძლია ხელისუფლებას, თუ მაინც და მაინც, რაიმე შიშები აქვს. ამიტომ, არანაირი საფუძველი იმისა, რომ ლაზარე წინასწარ პატიმრობაში ჰყავდეთ არ არსებობს, გარდა იმისა, რომ კრემლს, რუსეთს გაუგზავნონ გზავნილი, რომ ყველა ადამიანს, მათ შორის ახალგაზრდებს დასჯიან, ვინც ანტიპუტინისტურ აქციაზე იქნება, ვინც ევროპის მხარდამჭერ აქციაზე იქნება და ვინც საქართველოს კონსტიტუციას დაიცავს. ამიტომ, უმნიშვნელოვანესია ლაზარე იყოს თავისუფალი,"- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ლაზარე გრიგორიადისს ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის პოლიციელებისთვის სროლის გამო რამდენიმე წლიანი პატიმრობა ემუქრება. მას ედავებიან პატრულის ავტომობილის დაწვასაც.