პარლამენტის მიმდინარე კვირის დღის წესრიგი, უმრავლესობის სხდომაზეც განიხილეს. შეხვედრის დასრულების შემდეგ ითქვა, რომ აქცენტი გაკეთდა თავდაცვის კანონზე, რომლის მეორე მოსმენით მიღება იგეგმება და განათლების სფეროში ცვლილებებზე - მას პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს.
ცვლილებების თანახმად, პირველ კლასში დარეგისტრირებას შეძლებენ ბავშვები, რომლებსაც 6 წელი პირველ ნოემბრამდე შეუსრულდებათ. ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ ეს ზღვარი, ეტაპობრივად, წლის ბოლომდე გადაიწევს.
"არის ახალი ცვლილება იმასთან დაკავშირებით, რომ 1 ნოემბრამდე დაბადებული ბავშვების მშობლებს შეუძლიათ შვილები დაარეგისტრირონ სკოლებში. ვცდილობთ, რომ საბოლოო ჯამში მივიდეთ იმ შედეგამდე, რომელიც უზრუნველყოფს 31 დეკემბრამდე დაბადებული ბავშვები შეძლებენ სკოლაში წასვლას.
თავდაცვის კოდექსის მოსმენა იქნება, რომელიც ბოლო პერიოდში ძალიან აქტუალურია. ბევრი დეტალია, რომელიც დეტალურ განხილვას საჭიროებს და ვფიქრობ, რომ საბოლოო ჯამში მივიღებთ პროექტს, რომელიც კანონის სახეს შეიძენს იმგვარად, რომ ქართველების და ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების აუკეთესო ინტერესებზე იქნება გათვლილი", - განაცხადა მდინარაძემ.