27 აპრილი 2024,   05:51
ვრცლად
ირანის მოქალაქე, სომხეთისა და საქართველოს გავლით, 80 კგ-მდე ჰეროინის გატანას ევროპაში ცდილობდა - შსს განცხადებას ავრცელებს

კაცი, რომელიც ევროპაში დიდი ოდენობით ნარკოტიკის გატანას ცდილობდა, ირანის მოქალაქეა, ამის შესახებ შსს-ს ბრიფინგზე გახდა ცნობილი. უწყების ინფორმაციით, 1961 წელს დაბადებული ბ.ტ., განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის და შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"სამართალდამცველებმა გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისისა და მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის ერთობლივი პროექტის - კონტეინერების კონტროლის პროგრამის ფარგლებში ფოთის პორტში გამოავლინეს რისკის შემცველი სატვირთო ავტომობილი რომელსაც ბრალდებული მართავდა. ავტომობილის ჩხრეკისას, მისაბმელის უკანა ორ კარში, სპეციალურად მოწყობილი სამალავიდან - 315 შეკვრად დაფასოებული, 80 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულს, ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქეს განზრახული ჰქონდა ირანიდან, სომხეთისა და საქართველოს გავლით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების ევროპაში გადაზიდვა, აღნიშნულის განხორციელებას ის საქართველოს ერთ-ერთი საზღვაო პორტის გავლით ცდილობდა, რა დროსაც იგი დაკავებული იქნა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 262-ე მუხლებით მიმდინარეობს.

როგორც მოგეხსენებათ, შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს პარტნიორ ქვეყნებთან ტრანსნაციონალურ და ორგანიზებულ დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში, რომლის ნათელი მაგალითია გასულ თვეში ჩატარებული ერთობლივი საპოლიციო ღონისძიება ბელგიელ და ჰოლანდიელ კოლეგებთან ერთად, რომლის ფარგლებშიც, ჩვენ მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, ბელგიის სამეფოში, კერძოდ ანტვერპენის პორტში ორ ეტაპად ამოღებული იქნა უპრეცედენტო რაოდენობის 1 ტონა და 660 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი," - აღნიშნავენ შსს-ში.

"კურიერი" უკვე ესაუბრა დაკავებულის ადვოკატს. ინტერების დამცველის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი არ აღიარებს ბრალს. ადვოკატმა ასევე ისაუბრა იმაზე, რომ მამაკაცი არის უდანაშაულო, ის არის დაქირავებული მძღოლი, რომელიც ირანის მოქალაქემ დაიქირავა და მან არ იცოდა, რომ სატვირთო მანქანაში ნარკოტიკული საშუალება იყო დამალული.

დღის ამბები