27 აპრილი 2024,   01:35
ვრცლად
ოკუპანტებმა კიევს ერთი თვის განმავლობაში მეთვრამეტედ შეუტიეს - სამიზნე ამჯერადაც სამოქალაქო ინფრასტრუქტურა იყო

ოკუპანტებმა კიევს ერთი თვის განმავლობაში მეთვრამეტედ შეუტიეს. სამიზნე ამჯერადაც სამოქალაქო ინფრასტრუქტურა იყო. საცხოვრებელ სახლებზე მიტანილ იერიშს მსხვერპლი მოჰყვა. დაიღუპა სამი ადამიანი, მათ შორის ერთი მცირეწლოვანია, დაშავდა - 18. მძიმე დაზიანება მიიღო 12 წლის ბავშვმა.

რუსეთის მორიგ სამხედრო დანაშაულთან ერთად უკრაინის პროკურატურა ეძებს პასუხს კითხვაზე, თუ რატომ იყო ჩაკეტილი თავშესაფარი მაშინ, როდესაც დედაქალაქის დესნიანსკის რაიონის მოსახლეობა ბალისტიკური რაკეტებისგან თავის დაღწევას ცდილობდა.

კიევზე საჰაერო შეტევიდან მალევე, რუსეთის ბელგოროდის ოლქზე მასშტაბური იერიში განხორციელდა. დრონების აფეთქების შედეგად შებეკინოს საერთო საცხოვრებელსა და ადმინისტრაციულ შენობაში ცეცხლი გაჩნდა. 

პარალელურად, შებეკინოს მოსახლეობა სოციალურ ქსელში ავრცელებს ვიდეო-მასალას თუ როგორ ანადგურებენ მერიის წარმომადგენლები სხვადასხვა დოკუმენტაციას. ქალაქის მცხოვრებლებს ეჭვი აქვთ, რომ მაღალჩინოსნები ოლქს ტოვებენ.

რუსეთის მთავრობა ბელგოროდის ოლქზე თავდასხმაში უკრაინას ადანაშაულებს. ბრალდებებს ოფიციალური კიევი კატეგორიულად უარყოფს. პასუხისმგებლობა პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ გაერთიანებულმა პარტიზანებმა აიღეს. თავდასხმამდე რამდენიმე საათით ადრე მათ ტელეგრამის საკუთარ არხზე განცხადება გაავრცელეს.

მანამდე 50-ზე მეტი იერიში მოიგერიეს ღამის განმავლობაში უკრაინელმა სამხედროებმა მარიინკას და ავდიივკას მიმართულებით. ინტენსიური ორმხრივი სროლა თითქმის მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდა ბახმუტშიც. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აგრესორს დიდი დანაკარგი აქვს.

ამ ცნობებს ადასტურებს დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ანალიტიკური სამსახურიც. უწყების ინფორმაციით, მაისიდან რუსეთი საბრძოლო ინიციატივას თმობს. გაერთიანებულ სამეფოში ფიქრობენ, რომ ბოლო პერიოდში ოკუპანტი უკრაინის შეტევების მოგერიებაზეა ორიენტირებული.

დღის ამბები